1. ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო!
2. დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით.
3. ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი.
4. წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები.
5. შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი.
6. აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც რ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
7. წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა.
8. მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
9. მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
10. შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
11. დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი.
12. ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ!
13. რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი! უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი!