1. ვაი უზრუნველთ სიონზე და უდარდელთ სამარიის მთაზე, სახელოვანთ უპირველეს ხალხში, ვისთანაც მიდის ისრაელის სახლი!
2. მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?
3. ხომ არ გგონია, დააცდევინო უბედურების დღეს ან დააჩქარო მძლავრობის მეუფება?
4. განისვენებენ სპილოსძვლის საწოლზე და ნებივრობენ თავიანთ სარეცლებზე; ფარის ცხვარსა და ბაგაზე დაბმულ ხბორებს ჭამენ.
5. ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი.
6. სამსხვერპლო თასებიდან სვაშენ ღვინოს და საუცხოო ზეთით იპოხებიან, არ ადარდებთ იოსების უბედურება.
7. ამიტომაც ტყვედ წავლენ ახლა, ტყვეთა თავში მოქცეულნი, და ნებიერთა სიხარულის ხმა შეწყდება.
8. დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი თავი, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: მძულს იაკობის ამპარტავნობა და მეზიზღება მისი დარბაზები; ამიტომაც გავცემ ქალაქს და მის სისავსეს.
9. მოხდება ისე, თუ ათი კაცი დარჩა ერთ სახლში, დაიხოცებიან ყველანი.
10. როცა ნათესავი თუ ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.
11. რადგან, აჰა, უფალი ბრძანებს და დააქუცმაცებს დიდ სახლებს და გააცამტვერებს პატარა სახლებს.
12. თუ ურბენიათ ცხენებს კლდეზე, ან თუ უხნავთ ის ხარებით? თქვენ კი შხამად აქციეთ სამართალი და აბზინდად - სიმართლის ნაყოფი.
13. ჰე, ამაოებით მოხარულნო, რომ ამბობთ, განა ჩვენი ძალით არ შევიძინეთ რქებიო?
14. რადგან, აჰა, აღვძრავ ხალხს შენს წინააღმდეგ, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, და მიგკუჭავს ხამათის მისადგომიდან უდაბნოს ხევამდე.