1. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, შექმნა მან კალია გვიანი ბალახის ამოსვლისას, და აჰა, აღმოცენდა ბალახი სამეფო თიბვის შემდეგ.
2. როცა მოათავა ბალახის ჭამა მიწაზე, მე ვთქვი: უფალო ღმერთო, მომიტევე! რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
3. გადაიფიქრა უფალმა, არ მოხდებაო, თქვა უფალმა.
4. ასე მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს და შთანთქა მან დიდი უფსკრული და შთანთქა ყანები.
5. მე ვთქვი: უფალო ღმერთო! დააყენე. რა გადაარჩენს იაკობს? რადგან ისედაც მცირეა-მეთქი.
6. გადაიფიქრა უფალმა, არც ეს მოხდებაო, თქვა უფალმა ღმერთმა.
7. ასე მახილვინა: აჰა, დგას უფალი შვეულ კედელზე და შვეული უჭირავს ხელში.
8. მითხრა უფალმა: რას ხედავ, ამოს? ვუთხარი: შვეულს. თქვა უფალმა: აჰა, დავდებ შვეულს ჩემი ერის, ისრაელის, შუაგულში; მეტს აღარ ვაპატიებ მას.
9. გაუკაცურდება ისაკის გორაკები და ისრაელის საწმიდარები განადგურდება; მახვილით აღვდგები იერობოამის სახლის წინააღმდეგ.
10. შეუთვალა ამაციამ, ბეთილის მღვდელმა, იერობოამს, ისრაელის მეფეს: შეთქმულებას გიწყობს ამოსი შუაგულ ისრაელის სახლში; მიწა ვერ აიტანს მის სიტყვებს;
11. რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.
12. უთხრა ამაციამ ამოსს: მისანო, გაიქეცი იუდას ქვეყანაში, იქ ჭამე პური და იქ იწინასწარმეტყველე.
13. ბეთილში ნუღარ იწინასწარმეტყველებ, რადგან ის სამეფო საწმიდარია და სამეფო სახლი.
14. მიუგო ამოსმა ამაციას და უთხრა: მე არც წინასწარმეტყველი ვარ და არც წინასწარმეტყველის შვილი; მწყემსი ვარ მე და ლეღვის მომყვანი;
15. წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.
16. ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
17. ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.