1. ასე მახილვინა უფალმა. ღმერთმა: აჰა, მოწეული ხილით სავსე კალათა.
2. მითხრა: რას ხედავ, ამოს? ვთქვი: მოწეული ხილით სავსე კალათას-მეთქი. მითხრა უფალმა: მოაწია ჩემი ერის, ისრაელის, ბოლომ. მეტს აღარ ვაპატიებ.
3. მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.
4. ისმინეთ ეს, ღარიბ-ღატაკთა შთამთქმელნო და ქვეყნის ბეჩავთა დამღუპველნო;
5. რომ ამბობთ: როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორითო,
6. ვიყიდოთ ვერცხლით ბეჩავნი და წყვილი ხამლით ღარიბ-ღატავნი, პურის განაცხრიბოი კი გავყიდოთო?
7. დაიფიცა უფალმა იაკობის დიდება, თუკი ოდესმე დავივიწყოო ერთი მათი ნამოქმედარიც კი.
8. ნუთუ არ შეიძვრება მიწა ამის გამო და არ მოჰყვება გოდებას ყოველი მისი მკვიდრი? აიწევს ერთიანად ნილოსივით, მოვარდება და უკუიქცევა ეგვიპტის მდინარესავით.
9. იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი ღმერთი, რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღის სინათლეზე დავაბნელებ ქვეყანას.
10. დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
11. აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.
12. იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.
13. ღონე მიეხდებათ იმ დღეს მშვენიერ ქალწულებს და ჭაბუკებს წყურვილისგან.
14. სამარიელ აშიმას მოფიცარნი, რომ ამბობენ: ცოცხალია შენი ღმერთი დანი, ცოცხალია ბერშებას გზაო, დაეცემიან და ვეღარ ადგებიან.