1. უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ.
2. შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე,
3. რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები.
4. უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი.
5. ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს,
6. რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო.
7. რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე.
8. აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს.
9. ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა.
10. რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე.
11. წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის?
12. შენ დატოვე წყარო სიბრძნისა.
13. ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ.
14. ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა.
15. ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში?
16. სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი,
17. ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს;
18. ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს?
19. გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ.
20. ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს;
21. ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან.
22. არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა;
23. ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები.
24. ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო!
25. დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი.
26. იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა.
27. მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის;
28. დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით.
29. ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან?
30. ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი?
31. არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა,
32. მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით,
33. ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით;
34. ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს;
35. მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს.
36. ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე.
37. მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა.
38. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის.