1. ეს არის ღვთის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. ყოველი მისი დამჭერი, იცხოვრებს, მისი მიმტოვებელი კი მოკვდება.
2. მოიქეც, იაკობ, და აიღე იგი და გაემართე მისი სინათლის ბრწყინვალებისკენ.
3. ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს - უცხო ხალხს.
4. ნეტარნი ვართ, ისრაელ, რადგან ჩვენ ვიცით, რაც ესათნოება ღმერთს.
5. გამხნევდი, ერო ჩემო, ხსოვნავ ისრაელისა!
6. ხალხებს მიეყიდეთ არა დასაღუპად, არამედ ღვთის განრისხების გამო ჩაუვარდით ხელში მტრებს.
7. რადგან გააჯავრეთ თქვენი შემოქმედი, რადგან ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს.
8. დაივიწყეთ თქვენი გამომკვებავი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც.
9. რადგან იხილა თქვენზე მოწეული რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, მომივლინა მე ღმერთმა დიდი მწუხარება,
10. რადგან ვიხილე ჩემს ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ;
11. რადგან სიხარულით აღვზარდე ისინი და გირილითა და მწუხარებით გავუშვი.
12. ნურვინ იხარებს ჩემზე, დაქვრივებულზე და მიტოვებულზე მრავალთა მიერ. მოვოხრდი მე ჩემი შვილების ცოდვათა გამო, რადგან ღვთის რჯულს გადაუხვიეს.
13. ხოლო მისი სამართალნთ უგულებელჰყვეს, არც ღვთის მცნებების გზით წარემართენ, არც სწავლის ბილიკებს დაადგნენ მისი სიმართლით.
14. მოდით, მკვიდრნო სიონისა, და გაიხსენეთ ჩემ ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ.
15. რადგან შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ხალხი ურიცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მოხუცებულის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული;
16. წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი შვილები და ასულთაგანაც გაამარტოვეს.
17. მაგრამ რით შემიძლია შეგეწიოთ?
18. რადგან ისევ თქვენზე უბედურებათა მომწეველი დაგიხსნით მტრების ხელიდან.
19. იარეთ, შვილებო, იარეთ, რადგან მარტო დავრჩი.
20. განვიძარცვე მშვიდობის სამოსელი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა, ვიღაღადებ საუკუნოს მიმართ დღენი ჩემნი.
21. გამხნევდით, შვილებო, მოუხმეთ ღმერთს და დაგიხსნით მძლავრობისგან, მტერთა ხელიდან;
22. რადგან საუკუნოსგან ველოდებოდი თქვენს ხსნას და გადმოვიდა ჩემზე წმიდისაგან შეწყალების სიხარული, რომელიც მალე თქვენთანაც მოვა თქვენი საუკუნო მხსნელისგან;
23. რადგან მე გოდებითა და ტირილით გაგიშვით, ღმერთი კი თქვენს თავს საუკუნოდ დამიბრუნებს სიხარულითა და შვებით;
24. რადგან როგორც ახლა იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილონ ღვთისგან თქვენი ხსნა, რომელიც მოვა თქვენთან დიადი დიდებით და საუკუნოს ბრწყინვალებით.
25. შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; გდევნა შენმა მტერმა, მაგრამ ჩქარა იხილავ მის დამხობას და ფეხით გათელავ მის ქედს.
26. ჩემი ნებიერნი ფიცხელ გზას დაადგნენ; შეიპყრეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა.
27. გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგან გაგიხსენებთ ის, ვინც ეს მოაწია თქვენზე.
28. რადგან ფიქრში გქონდეთ უფლისგან განდგომა, მოქცეულებმა ათმაგი შურით ეძიეთ იგი.
29. რადგან ვინც უბედურება მოაწია თქვენზე, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენთ ხსნით.
30. გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი.
31. საწყალობელნი არიან შენი ბოროტისმყოფელნი და შენი დაცემის მოხარულნი.
32. საწყალობელნი არიან ქალაქები, რომელთაც დაემონენ შენი შვილები, საწყალობელია მიწა, რომელმაც შეიწყნარა შენი ძენი.
33. რადგან რამდგნადაც გაიხარა შენი დაცემით და მოილხინა შენი დამხობით, იმდენად დამწუხრდება თავისი მოოხრებით.
34. წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და ლხენა მისი გლოვად შეიცვლება.
35. რადგან გადმოვა მასზე ცეცხლი საუკუნოსგან, ხანგრძლივად და დიდხანს იმკვიდრებენ იქ ეშმაკნი.
36. გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი.
37. აჰა, მოდიან შენი ვაჟები, რომლებიც გაუშვი; მოდიან წმიდის სიტყვით შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის დიდებით გახარებულნი.