image

image


image

 

ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეათე

1. ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ.

2. იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.

3. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.

4. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი.

5. ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში.

6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი,  ფუტი და ქანაანი.

7. ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი.

8. ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.

9. ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე.

10. მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში.

11. ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი

12. და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.

13. მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი,

14. ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ.

15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,

16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,

17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,

18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.

19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

20. ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

21. შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას.

22. სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.

23. არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში.

24. არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.

25. ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი.

26. იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი,

27. ჰადორამი, უზალი, დიკლა,

28. ყობალი, აბიმაელი, შება,

29. ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან.

30. მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.

31. ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში.

32. ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ.



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003