ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეთექვსმეტე

1. სარაის, აბრამის ცოლს, არ უშობია მისთვის, მაგრამ ჰყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი.

2. უთხრა სარაიმ აბრამს: აჰა, დამხშა უფალმა, რომ არა ვშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინძლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იღო აბრამმა სარაის ნათქვამი.

3. ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი, ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების ათი წლის თავზე.

4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი.

5. მაშინ უთხრა სარაიმ აბრამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დავმცირდი მის თვალში. ახლა უფალმა განგვსაჯოს.

6. უთხრა აბრამმა სარაის: აჰა, შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გენებოს, ისე მოექეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი.

7. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში, ჭასთან, შურის გზაზე რომ არის.

8. უთხრა: აგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის, ჩემს ქალბატონს გავურბივარ.

9. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.

10. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.

11. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.

12. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.

13. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენა ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი; რადგან თქვა: განა აქაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა?

14. ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ-ლახაი-როი; კადეშსა და ბარედს შორის მდებარეობს იგი.

15. უშვა აგარმა აბრამს ვაჟი და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა, ისმაელი.

16. ოთხმოცდაექვსი წლის იყო აბრამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა აბრამს.