ძველი აღთქმა

დაბადება

თავი მეჩვიდმეტე

1. ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი.

2. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.

3. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი:

4. ეს მე ვარ და, აჰა, ჩემი აღთქმაც უამრავ ხალხთა მამა შეიქნები!

5. აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყოს შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ.

6. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.

7. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამთმავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.

8. მოგცემ შენ და შენს შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისო საკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები.

9. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ თაობიდან თაობამდე.

10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.

11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.

12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.

13. წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.

14. წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.

15. უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.

16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.

17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?

18. უთხრა აბრაამმა ღმერთს: ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე.

19. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა, შენი ცოლი, გიშობს ვაჟს და დაარქმევ სახელად ისაკს. აღვუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის.

20. ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.

21. მაგრამ აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის სწორს.

22. შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.

23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.

24. ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაამი, როცა დაიცვითა ჩუჩა.

25. მისი ვაჟი ისმაელი ცამეტი წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა.

26. ერთ დღეს დაიცვითეს აბრაამმა და მისმა ვაჟმა ისმაელმა.

27. მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად.