1. გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში.
2. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.
3. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.
4. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.
5. პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.
6. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.
7. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.
8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.
9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.
10. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.
11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.
13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
15. გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.
16. ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაემართსენ. აბრაამი გაჰყვა გასაცილებლად.
17. თქვა უფალმა: როგორ დავუმალო აბრაამს, ჩემს მორჩილს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?
18. აბრაამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა, ყველა ხალხი დედამიწის ზურგზე კურთხეული იქნება მისით;
19. რადგან ვიცი, რომ უანდერძებს იგი თავის შვილებსა და თავის სახლს თავის შემდეგ - იარონ უფლის გზაზე, მოიქცნენ სიმართლით და სამართალი საჯონ, რათა აუხდინოს უფალმა აბრაამს ყველაფერი, რაც ნათქვამი აქვს მასზე.
20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.
23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?
24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.
27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.
29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.
30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.
31. თქვა აბრაამმა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი: ოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ოცის გულისათვის.
32. უთხრა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ამ ერთხელაც ვიტყვი: ათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ დავღუპავ იმ ათის გულისათვის.
33. წავიდა უფალი, როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი აბრაამთან. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.