1. მოხუცდა აბრაამი, ხანში შევიდა; ყველაფრით ნაკურთხი ჰყავდა უფალს აბრაამი.
2. უთხრა აბრაამმა თავის მორჩილს, თავის სახლთუხუცესს, მთელი თავისი ქონების განმგებელს: საზარდულქვეშ ამომიდევი ხელი.
3. გაფიცებ უფალს, ღმერთს ცისას და ღმერთს მიწისას. არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ;
4. არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
5. უთხრა მორჩილმა: თუ არ წამომყვა ის ქალი ამ ქვეყანაში, ხომ არ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყნად, საიდანაც შენ გამოხვედი?
6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.
7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.
8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
9. ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10. გამოიყვანა მორჩილმა ათი აქლემი თავისი პატრონის ჯოგიდან და გაუდგა გზას; მის ხელში იყო მისი პატრონის მთელი ქონება. ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11. ჩაამუხლა აქლემები ქალაქის გარეთ ჭასთან საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ხანს.
12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!
13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.
14. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.
15. ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.
16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.
17. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.
18. უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.
19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.
20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.
21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.
22. როცა დარწყულდნენ აქლემები, ამოიღო კაცმა ერთბეკაყიანი ოქროს საყურე და ათბეკაყიანი ორი ოქროს სამაჯური.
23. უთხრა: ვისი შვილი ხარ? მითხარი, თუ მოიძებნება მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი ჩვენთვის?
24. უთხრა ქალმა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა.
25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.
26. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.
28. გაიქცა ყმაწვილი ქალი და თავისი დედის სახლში შეატყობინა ეს ამბავი.
29. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. გაიქცა გარეთ ლაბანი იმ კაცისკენ, წყაროსთან.
30. როცა დაუნახა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები და მოისმინა თავისი დის, რებეკას, მონაყოლი, ასე მელაპარაკაო ის კაცი, მივიდა იმ კაცთან და ხედავს, აქლემებთან დგას, წყაროს პირას.
31. უთხრა: შინ წამოდი, უფლის კურთხეულო. გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გამზადებული მაქვს.
32. შევიდა კაცი სახლში. შეხსნა ლაბანმა აქლემებს საკაზმები, აქლემებს ბზე და საკვები დაუყარა, მას და მის თანმხლებ კაცებს ფეხის დასაბანად წყალი მიუტანა.
33. გაუშალეს სუფრა, მან კი უთხრა: არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი. უთხრა ლაბანმა: თქვი.
34. თქვა: აბრაამის მორჩილი ვარ მე.
35. დიდად აკურთხა უფალმა ჩემი პატრონი და განდიდდა იგი, მისცა მას ცხვარ-ძროხა, ოქრო-ვერცხლი, ყმები და მხევლები, აქლემები და სახედრები;
36. უშვა ჩემს პატრონს სარამ, მისმა ცოლმა სიბერეში შვილი, რომელსაც მისცა ჩემმა პატრონმა მთელი თავისი საბადებელი.
37. დამაფიცა ჩემმა პატრონმა, არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო,
38. არამედ წადი ჩემი მამა-პაპის სახლში, ჩემს სანათესაოში და იქიდან მოუყვანეო ცოლი ჩემს ძეს.
39. ვუთხარი ჩემს პატრონს: რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?
40. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, თავის ანგელოზს გაახლებს თან და გზას სასიკეთოდ წარგიმართავს, და მოუყვან ცოლს ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, ჩემი მამა-პაპის სახლიდან.
41. მაშინ გათავისუფლდები ჩემი ფიცისგან, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ; თუ არ გამოგაყოლეს, თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან.
42. მივედი დღეს წყაროსთან და ვთქვი: უფალო, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთო! სასიკეთოდ წარმიმართე გზა, რომელსაც ვადგივარ.
43. აჰა, ვდგავარ წყაროსთან. როცა მოვა ყმაწვილი ქალი წყლის ამოსაღებად და ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი კოკიდან,
44. ისიც მიპასუხებს, შენც დაგალევინებ წყალს და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის ქალი იქნება, რომელიც აურჩევია უფალს ჩემი პატრონის შვილისთვის.
45. ვიდრე ჩემს გულში ამის თქმას მოვასწრებდი, აჰა, მოდის რებეკაც, მხარზე კოკაშედგმული; ჩავიდა წყაროზე და ამოიღო წყალი. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46. უმალვე ჩამოიღო კოკა და მითხრა: დალიე, და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
47. ვკითხე: ვისი შვილი ხარ-მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, ნახორის და მილქას ძისაო. მაშინ ჩამოვკიდე საყურეები და ხელზე სამაჯურები გავუკეთე.
48. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს; ვაკურთხე უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელიც წამომიძღვა ჭეშმარიტი გზით, რომ ჩემი პატრონის ძმისწული მის შვილს მივგვარო ცოლად.
49. ახლა, მადლი და სიკეთე თუ გსურთ ჩემი პატრონისთვის, მითხარით; თუ არა და, ესეც მითხარით და წავალ, მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ.
50. მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
51. აჰა, აგერ არის რებეკა; წაიყვანე და წადი! გახდეს შენი პატრონის ძის ცოლი, როგორც უბრძანებია უფალს.
52. როცა მოისმინა აბრაამის მორჩილმა მათი ნათქვამი, მდაბლად თაყვანისცა უფალს.
53. ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.
55. უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.
56. უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან.
57. თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.
58. დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59. გაისტუმრეს რებეკა, თავიანთი დაი, მისი ძიძითურთ, აბრაამის მორჩილი და მისი კაცები.
60. დალოცეს რებეკა და უთხრეს: ჩვენი და ხარ შენ. ბევრათასჯერ იმრავლე, თავისი მტრების ქალაქები დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ!
61. ადგნენ რებეკა და მისი მხევლები და შესხდნენ აქლემებზე, და გაჰყვნენ იმ კაცს. წაიყვანა მორჩილმა რებეკა და წავიდა.
62. ხოლო ისაკი წამოსულიყო ბერ-ლახაი-როიდან და ცხოვრობდა ნეგების მხარეში.
63. გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
64. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.
65. უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.
66. უამბო მორჩილმა ისაკს ყველაფერი, რაც გააკეთა.
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.