1. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს, ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი.
2. შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდის შენთან შენი შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
3. უთხრა იაკობმა იოსებს: ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა.
4. მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა სამარადისო სამფლობელოდ.
5. ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
6. ხოლო ბავშვები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში.
7. ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად, გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც ახლა ბეთლემია.
8. დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ არიან?
9. უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ.
10. თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა.
11. უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა.
12. აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე თაყვანისცა.
13. ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან.
14. გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს, რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
15. აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე,
16. ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით, აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე.
17. დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა.
18. უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის, მის თავს დაადე შენი მარჯვენა.
19. იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა.
20. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ.
21. უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე.
22. შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით.