1. იეჰოიაკიმის, იუდას მეფის მეფობის მესამე წელს იერუსალიმზე წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე და გარსშემოადგა მას.
2. ხელში ჩაუგდო მას უფალმა იეჰოიაკიმი, იუდას მეფე და ღვთის სახლის ჭურჭლეულის ნაწილი და გაგზავნა შინყარის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში; და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭლეული.
3. უთხრა მეფემ აშფენაზს, საჭურისთა მთავარს, მიეგვარა მისთვის ისრაელიანთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან.
4. უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლის უნარიანი ყმაწვილები, რომელთაც შეეძლებოდათ მეფის კარზე სამსახურის გაწევა და ქალდეველთა მწიგნობრობისა და ენის შესწავლა.
5. განუწესა მათ მეფემ ულუფა მეფის სუფრიდან და ის ღვინო, თავად რომ სვამდა. ბრძანა, სამი წელიწადი ეწვრთნათ ისინი და ბოლოს მეფის წინაშე წარედგინათ.
6. მათ შორის იუდიანთაგან იყვნენ: დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
7. სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა; დანიელს ბელტეშაცარი უწოდა, ხანანიას - შადრაქი, მისაელს - მეშაქი, ყაზარიას - ყაბედ-ნეგო.
8. დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმიდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით; და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმიდურებულიყო.
9. აძლევდა ღმერთი დანიელს მადლსა და წყალობას საჭურისთა მთავრის წინაშე.
10. უთხრა საჭურისთა მთავარმა დანიელს: მეშინია ჩემი ბატონი მეფისა, რომელმაც თქვენი სასმელ-საკვები განაწესა. თუ დაინახავს, რომ თქვენი პირისახეები თქვენი ასაკის სხვა ყმაწვილებზე უფრო მეტად გამხდარია, ამით თქვენ დაადანაშაულებთ ჩემს თავს მეფის წინაშე.
11. უთხრა დანიელმა მწდეს, რომელსაც საჭურისთა მთავარმა ჩააბარა დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია.
12. მოდი, ათი დღის მანძილზე გამოსცადე შენი მორჩილნი: დაე, საჭმელად მწვანილი მოგვცენ და სასმელად - წყალი.
13. მერე კი ნახე ჩვენი პირისახე და პირისახე იმ ყმაწვილებისა, სამეფო ულუფას რომ ჭამენ. და როგორც გენებოს, ისე მოგვექეცი შენს მორჩილთ.
14. დაუჯერა მათ და ათი დღე სცდიდა.
15. ათი დღე რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ისინი შესახედაობით უფრო ლამაზები და ჯანიანები იყვნენ, ვიდრე ის ყმაწვილები, სამეფო ულუფას რომ ჭამდნენ.
16. ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა.
17. მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი. დანიელს კი ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო.
18. როცა ამოიწურა ვადა, რომელიც მეფემ მათ წარსადგენად დანიშნა, საჭურისთა მთავარმა ისინი ნაბუქოდონოსორის წინაშე წარადგინა.
19. ელაპარაკა მათ მეფე და ყველა მათგანიდან დანიელის, ხანანიას, მიშაელისა და ყაზარიას ბადალი არავინ ამოურჩევია; და შეუდგნენ ისინი მეფის წინაშე სამსახურს.
20. გამოჰკითხა მათ მეფემ ბრძნული და ჭკვიანური საქმეები და დაინახა, რომ ისინი მისი სამეფოს ყველა მოგვზე და შემლოცველზე ათწილად გონიერები იყვნენ.
21. და იყო იქ დანიელი მეფე კიროსის პირველ წლამდე.