1. მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში.
2. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე.
3. განკარგულება გავეცი, რომ ჩემთან მოეყვანათ ყველა ბაბილონელი ბრძენკაცი, რომ აეხსნათ სიზმარი.
4. მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები, შემლოცველნი, ქალდეველნი და ვარსკვლავთმრიცხველნი. ვუთხარი სიზმარი, მაგრამ ვერ შესძლეს მისი ახსნა.
5. ბოლოს მოვიდა დანიელი, რომელსაც ჩემი ღმერთის სახელის მსგავსად ბელტეშაცარი ჰქვია და რომელშიც წმიდა ღმერთების სულია. მასაც ვუამბე სიზმარი.
6. ბელტეშაცარ, მთავარო! ვიცი, შენში წმიდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი; აჰა, ჩემი სიზმარი, რომელიც ვიხილე, და მითხარი მისი განმარტება.
7. აჰა, თავი მედო ჩემს სარეცელზე და ვიხილე ხილვა: აჰა, დედამიწის შუაში მაღალი ხე დგას.
8. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი სიმაღლე ზეცას აღწევდა და დედამიწას ყველა კუთხიდან მოსჩანდა.
9. მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.
10. ვიხილე ხილვა, როცა თავი მედო ჩემს სარეცელზე: აჰა, ზეციდან ჩამოეშვა მღვიძარე და წმიდა.
11. მან ომახიანად დაიძახა და თქვა: მოკვეთეთ ეგ ხე, აკაფეთ მისი ტოტები, დააცალეთ ფოთლები, გააბნიეთ მისი ნაყოფი. გაეცალონ მის ძირს მხეცები, ფრინველები - მის ტოტებს!
12. ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთ, რკინის და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს იგი და მხეცებთან ერთად მიწის ბალახით საზრდოობდეს.
13. კაცის გული წაერთმევა მას და მხეცის გული მიეცემა; შვიდი წელიწადი გადაუვლის მას.
14. ეს მღვიძარეთა განგებით არის დადგენილი და წმიდათა ბრძანებით არის ეს დაწესებული, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე; ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე.
15. აჰა, ეს სიზმარი ვნახე მე, ნაბუქოდონოსორმა. შენ კი, ბელტეშეცარ, უნდა ამიხსნა იგი, რადგან ჩემს სამეფოში არცერთ ბრძენს არ შეუძლია მისი ახსნა, შენ კი შეგიძლია, რადგან შენშია წმიდა ღმერთების სული.
16. მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს შეცბუნებული იყო და ფიქრები აფორიაქებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ გაღელვებს ეს სიზმარი და მისი ახსნა. მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა!
17. ის ხე, რომელიც შენ ნახე, რომ იზრდებოდა, მაგრდებოდა, სიმაღლით ზეცას სწვდებოდა და მთელ დედამიწაზე რომ მოჩანდა,
18. მშვენიერი ფოთლები, მრავალი ნაყოფი და ყველასათვის საზრდო რომ ჰქონდა; რომლის ქვეშაც ველის მხეცები იყვნენ და რომლის ტოტებშიც ცის ფრინველები ბუდობდნენ,
19. ეს შენა ხარ, მეფეო, განდიდებული და განმტკიცებული; შენი სიდიადე გაიზარდა და ზეცას მისწვდა, შენი ხელისუფლება კი დედამიწის კიდეებამდე გავრცელდა.
20. მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ, ოღონდ მისი მთავარი ფესვი მიწაში ჩატოვეთო რკინისა და სპილენძის ბორკილებში, მინდვრის ბალახებს შორის, ზეცის ცვარ-ნამით ირწყვებოდეს და მინდვრის მხეცებთან ჰქონდესო წილი, ვიდრე შვიდი წელიწადი გადაუვლიდესო.
21. აჰა, მისი ახსნა, მეფეო: ეს უზენაესის განგებაა, რომელიც ჩემს მეფე-ბატონს დაატყდება თავს.
22. მოიკვეთები კაცთაგან და მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ; ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ; ზეცის ცვარ-ნამს დალევ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე მიხვდებოდე, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.
23. ხის მთავარი ფესვის დატოვება რომ იყო ნაბრძანები, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი სამეფო დაგიბრუნდება, როდესაც შენ ზეციერ ხელმწიფებას შეიცნობ.
24. ამიტომ, მეფეო, მიიღე ჩემი რჩევა და შენი ცოდვები სიმართლით გამოისყიდე, შენი უსამართლობანი კი - ღარიბებისადმი გულმოწყალეობით. ვინძლო გახანგრძლივდეს შენი სიმშვიდე.
25. ახდა ყოველივე ეს მეფე ნაბუქოდონოსორზე.
26. თორმეტი თვის შემდეგ, ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას
27. ალაპარაკდა მეფე და თქვა: ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც მეფის სადიდებლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით ჩემი სიდიადის საქებრად?
28. მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო.
29. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.
30. მალედვე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივიი გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინვგლის კლანჭებივით.
31. ის დღეები რომ ჩამოთავდა, თვალები ზეცას მივაპყარ მე, ნაბუქოდონოსორმა, და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და ვადიდე მარადცოცხალი, რომლის ხელმწიფებაც სამარადისო ხელმწიფებაა და ვისი სამეფოც უკუნითი უკუნისამდეა.
32. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?
33. მაშინ დამიბრუნდა გონება, ჩემი სამეფოს სადიდებლად დამიბრუნდა ჩემი დიდება და ჩემი უწინდელი სახე. მაშინ მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდკაცებმა და კვლავ დადგენილი ვარ ჩემს სამეფოზე და ჩემი სიდიადე უფრო მეტად გაიზარდა.
34. ახლა მე, ნაბუქოდონოსორთ, ვაქებ, აღვამაღლებ და ვადიდებ ზეციერ მეფეს, რომლის ყოველი საქმე ჭეშმარიტია და გზანი სამართლიანია, რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.