1. დარიოს მიდიელმა სამოცდაორი წლის ასაკში მიიღო სამეფო.
2. დარიოსმა გადაწყვიტა თავის სამეფოში ასთორმეტი სატრაპი დაეყენებინა, რათა მთელს სამეფოში ყოფილიყვნენ.
3. მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.
4. მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.
5. მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
6. მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
7. მთავრები და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს: მეფე დარიოს, იცოცხლე უკუნისამდე!
8. სამეფოს ყველა დიდებულმა, მთავრებმა, სატრაპებმა, მრჩევლებმა და მეფისნაცვალებმა მოითათბირეს, რათა დადგენილ იქნას სამეფო დადგენილება და გაიცეს ბრძანება, რომ ყველა, ვინც კი ოცდაათი დღის განზვლთბაში რომელიმე ღმერთს ან კაცს, შენს გარდა, მეფეო, თხოვნით მიმართავს, ლომების ხაროში იქნას ჩაგდებული.
9. ახლა კი, მეფეო, დაამტკიცე ეს დადგენილება და ხელი მოაწერე სიგელს, რომ უცვალებელი იყოს, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლა არ ეგების.
10. ამიტომ დაწერა მეფე დარიოსმა სიგელი და ბრძანება.
11. როდესაც დანიელმა შეიტყო, რომ ასეთი სიგელი დაიწერა, შინ წავიდა და თავისი ქორედის სარკმლების წინ, რომლებიც იერუსალიმის მხარეს იყურებოდა დღეში სამჯერ იდრეკდა მუხლს, ევედრებოდა თავის ღმერთს და ჰმადლობდა, როგორც ამის წინ იქცეოდა.
12. მაშინ ის კაცები თავს წაადგნენ და წაასწრეს დანიელს, როცა იგი ლოცულობდა და თავისი ღმერთის წინაშე წყალობას ითხოვდა.
13. მერე მივიდნენ და მეფეს მოახსენეს მეფის ბრძანების თაობაზე: განა შენ არ დაწერე ბრძანება, რომ ყველა ის კაცი, რომელიც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს შენს გარდა, მეფეო, მიმართავს თხოვნით, ლომების ხაროში იქნებაო ჩაგდებული? მიუგო მეფემ და უთხრა: ჭეშმარიტია ეს სიტყვა, როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი, რომლის შეცვლაც არ ეგების.
14. მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენს მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით.
15. ეს რომ მეფემ გაიგო, ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში; მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
16. მაგრამ ის კაცები მიეახლნენ და უთხრეს: იცოდე, მეფეო, რომ მიდიელთა და სპარსელთა კანონით მეფის ყოველი ბრძანება და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს.
17. მაშინ მეფის ბრძანებით მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. მიაძახა მეფემ დანიელს და უთხრა: იმ შენმა ღმერთმა გიშველოს, რომელსაც ასე ერთგულად ემსახურებოდი!
18. მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს პირს დააფარეს. მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდებით დაბეჭდა, რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო.
19. მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე. ღამე მარხულმა გაატარა და თავშესაქცევი არაფერი მოუთხოვია, ძილიც არ მიკარებია.
20. დილით, განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა.
21. ორმოს რომ მიუახლოვდა, ნაღვლიანი ხმით ჩასძახა მეფემ დანიელს და უთხრა: დანიელ, ცოცხალი ღმერთის მორჩილო, აბა, თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა, ერთგულად რომ ემსახურებოდი?
22. მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს: მეფეო, იცოცხლე უკუნისამდე!
23. ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი გამომიგზავნა, ლომებს პირები აუკრა და მათაც არ მავნეს მე, რადგან მე ღვთის წინაშეც სუფთა აღმოვჩნდი და შენს წინაშეც. ბრალი არა მაქვს მე, მეფეო.
24. მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და დანიელის ხაროდან ამოყვანა ბრძანა. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან მას სწამდა თავისი ღმერთისა.
25. მეფემ ბრძანა, მოეყვანათ ის კაცები, რომელნიც დანიელს აბეზღებდნენ, და ცოლ-შვილიანად ლომების ხაროში ჩაეყარათ. ჯერ ხაროს ძირამდე არც კი ჩაეღწიათ, რომ ლომებმა პირი სტაცეს და მათი ძვლები ნამსხვრევებად აქციეს.
26. ამის შემდეგ დარიოსმა ყველა ხალხს, ტომს და ენას - მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა: მშვიდობა გაგიმრავლდეთ!
27. ბრძანებას ვიძლევი, რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოდნენ და შიშში იყვნენ დანიელის ღმერთის წინაშე, როდგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია, მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება დაუსრულებულია;
28. იგი შველის და იხსნის, სასწაულებსა და ნიშნებს ახდენს ცაზე და დედამიწაზე. მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან.
29. წარმატებული იყო დანიელი დარიოსისა და კიროს სპარსელის მეფობის დროს.