1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
5. ვაი აშურს, კვერთხს ჩემი რისხვისა! კეტი მათ ხელში ჩემი გულისწყრომაა.
6. უღვთო ხალხის წინააღმდეგ გავგზავნი და ჩემი რისხვის ხალხზე გალაშქრებას ვუბრძანებ, რომ დაატყვევოს და გაძარცვოს, გათელოს ქუჩის ტალახივით.
7. მაგრამ ის ასე არ განსჯის და მისი გული ასე არ იზრახავს; არამედ განადგურებაა მის გულში და ხალხების ერთიანად მოსპობა.
8. რადგან ამბობს: განა ჩემი მთავრები ყველანი მეფეები არ არიან?
9. განა ქალნო და ქარქემიში ერთი არ არის? განა არფადი და ხამათი ერთი არ არის? განა დამასკო და სამარია ერთი არ არის?
10. როგორც მისწვდა ჩემი ხელი კერპთა სამეფოებს, რომელთაც მეტი ჰყავთ ჩამოსხმული ღმერთები, ვიდრე იერუსალიმს და სამარიას;
11. როგორც სამარიას და მის კერპებს მოვექეცი, განა ისევე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის სათაყვანებლებს?
12. როცა მოათავებს უფალი ყველა თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, მაშინ მოვკითხავ აშურის მეფეს მისი დიდგულობის ნაყოფს - მის ქედმაღლურ მზერას.
13. რადგან ნათქვამი აქვს: ჩემი ხელის ძალით ვქმენი ეს და ჩემი სიბრძნით, რადგან გამჭრიახი ვარ; მე გადავწიე ხალხთა სამანები და გავძარცვე მათი საგანძურები, ბუმბერაზივით ჩამოვყარე ტახტებზე მსხდომარენი.
14. ბუდესავით მოძებნა ჩემმა ხელმა ხალხთა საბადებელნი; მიტოვებულ კვერცხებს რომ კრეფენ, ისე ავკრიფე მთელი ქვეყანა, ფრთა არ შერხეულა, პირი არ გაღებულა, ხმა არ დაძრულა.
15. თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს? ვითომ დაეღირება კვერთხი მის მომქნევს, ვითომ თავისით აღიმართება კეტი, თითქოს ხე არ იყოს?
16. ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.
17. ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი და ხანძრად - მისი წმიდა, ერთ დღეში დაწვავს და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს.
18. გაანადგურებს სულით ხორცამდე მისი ჭალების და ბაღ-ვენახების დიდებას, ჩაჭკნება და ჩაიხაშმება.
19. გამეჩხერდება მისი მაღნარი და ბავშვიც კი დაითვლის დარჩენილ ხეებს.
20. იმ დღეს აღარ დაენდობა ისრაელის ნატამალი და იაკობის სახლის ნარჩომი თავის მგვემელს; უფალს, ისრაელის წმიდას, დაენდობა დარწმუნებით.
21. ნატამალი დაუბრუნდება, იაკობის ნატამალი ძლიერ ღმერთს!
22. თუმცა ზღვის ქვიშასავით იქნება შენი ერი, ისრაელ, მაგრამ ნატამალი დაუბრუნდება მას. გადაწყვეტილია დაქცევა - შურისმგებელი სამართლიანობა.
23. რადგან გადაწყდა ეს დაქცევა და აღასრულებს მეუფე, ცაბაოთ უფალი მთელ ქვეყანაზე.
24. ამიტომ ასე ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი: ნუ გეშინია აშურისა, ჩემო ერო, სიონის მკვიდრო! კვერთხით გცემს და კეტს გიღერებს, როგორც ეგვიპტელნი იქცეოდნენ.
25. რადგან, სულ ცოტაც და, შეწყდება გულისწყრომა და ჩემი რისხვა მათ დასაქცევად აღინთება.
26. მოუქნევს მას ცაბაოთ უფალი შოლტს, როგორც მიდიანს დასცხო ყორების კლდესთან და აღიმართება წყალზე მისი კვერთხი, როგორც ეგვიპტეში აღმართა.
27. იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან.
28. ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს;
29. გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
30. აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო!
31. მადმენა გაიქცა, გებიმელებმა თავს უშველეს.
32. კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს.
33. აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, ზარდაცემით ლეწავს რტოებს; ტანმაღალნი გაიჩეხებიან და აღზევებულნი დაემხობიან.
34. გაკაფავს რკინით ტყის უღრანს და დაეცემა ლიბანი ძლიერის ხელით.