1. განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ:
2. ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით.
3. მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
4. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს.
5. შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად.
6. მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან.
7. ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია.
8. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.
9. აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან.
10. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.
11. მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ.
12. დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად.
13. ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს.
14. შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა.
15. ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ.
16. მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან.
17. აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ.
18. მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი.
19. ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას.
20. არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ.
21. უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას.
22. ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება.