1. რადგან შეიწყალებს უფალი იაკობს და კიდევ გამოარჩევს ისრაელს, მათსავე მიწაზე დაასახლებს. უცხონი შეეთვისებიან მათ და მიემაგებიან იაკობის სახლს.
2. აიყვანენ მათ ხალხები და მიიყვანენ თავიანთ ადგილზე, დაისაკუთრებს მათ ისრაელი უფლის მიწაზე მონებად და მხევლებად, დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევართ და თავიანთ მჩაგვრელებზე იბატონებენ.
3. იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები.
4. წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!
5. როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი,
6. რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ!
7. დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს.
8. ალვები ხარობენ შენს გამო, ლიბანის ნაძვები: რა რომ შენ გდიხარ, ხის მჭრელი აღარ ამოსულა ჩვენთან.
9. ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი; წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი.
10. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე.
11. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო!
13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
16. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
17. ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
18. ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.
19. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.
20. ვერ შეუერთდები მათ საფლავში, რადგან დაღუპე შენი ქვეყანა და ამოწყვიტე შენი ხალხი; აღარ მოიხსენება ბოროტეულთა თესლი სამარადისოდ.
21. საკლავად განამზადე მისი შვილები მამების ცოდვებისთვის, რომ არ აღდგნენ და არ დაიმკვიდრონ ქვეყანა, მტრებით არ აავსონ. მიწის პირი.
22. აღვდგები მათ წინააღმდეგ, ამბობს ცაბაოთ უფალი, და აღმოვუფხვრი ბაბილონს სახელს და ნატამალს, მონაგარს და მისხისმისხს, ამბობს უფალი.
23. ზღარბთა და ჭანჭყობთა სამკვიდროდ გავხდი და განადგურების ცოცხით გავხვეტავ, ამბობს ცაბაოთ უფალი.
24. დაიფიცა ცაბაოთ უფალმა და თქვა: როგორც ჩავიფიქრე, ისე იქნება; როგორც გადავწყვიტე, ისე მოხდება.
25. შევმუსრავ აშურს ჩემს მიწაზე და გავთელავ ჩემს მთებზე, გადაიგდება ქედიდან უღელი და მხრებიდან ტვირთი ჩამოეხსნებათ.
26. აჰა, განაჩენი, მთელი ქვეყნისათვის გამოტანილი, და აჰა ხელი, ყოველ ხალხზე მოღერებული!
27. ცაბაოთ უფლის განაჩენს ვინ შეცვლის და მოღერებულ ხელს ვინ შეაბრუნებს?
28. ასეთი განაჩენი იყო მეფე ახაზის სიკვდილის წელს.
29. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება.
30. უპოვართა პირმშონი გამოიკვებებიან და ღარიბ-ღატაკნი სამშვიდობოს დამყუდრდებიან; შიმშილით მოვკლავ შენს ფესვს და შენს ნარჩომს ამოვწყვიტავ.
31. მოთქვამდე, კარიბჭევ, გოდებდე, ქალაქო, ძრწოდე, ფილისტიმის ქვეყანავ, რადგან ჩრდილოეთიდან წამოვა კვამლი და გაიფანტება მისი ბანაკი.
32. რას იტყვიან ხალხის მოციქულები? - რომ უფალმ აფუძნა სიონი და რომ იქ არის მისი ერის ჩაგრულთა საესავი.