1. გაუგზავნეთ კრავი ქვეყნის მპყრობელს სელაყიდან სიონის ასულის მთაზე უდაბნოს წიაღ!
2. ბუდემოშლილი, დევნილი ფრინველივით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებთან.
3. მიეცი რჩევა, ქმენი სამართალი, გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, როგორც ღამით; დაიფარე ლტოლვილი, ნუ გასცემ დევნილს.
4. შეგეხიზნონ ჩემი ლტოლვილი მოაბელები, შეიფარე ყაჩაღებისგან, ვიდრე არ შეწყდება მძლავრობა, ვიდრე ბოლო არ მოეღება ყაჩაღობას, ვიდრე დამთრგუნველი არ გადაშენდება ამ ქვეყნიდან,
5. და წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში.
6. გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი.
7. ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო!
8. რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა.
9. ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი.
10. ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე ჰედადის ძახილი.
11. ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე.
12. აჰა, გამოჩნდება დაქანცული მოაბი გორაკზე და შევა თავის საწმიდარში სალოცავად, მაგრამ არაფერი ეშველება.
13. ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე.
14. ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები.