1. ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!
2. ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!
3. ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ!
4. რადგან ასე მითხრა უფალმა: მე მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამყოფლიდან ხვატის კაშკაშივით მოწმენდილზე, ნამის ღრუბელივით მკის პაპანებაში;
5. რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს.
6. ყველაფერი მთის ონავარ ფრინველებს და მიწის მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ იქ ონავარი ფრინველები და მიწის ყოველი მხეცი იქ დაიზამთრებს.
7. იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ.