1. ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან.
2. სასტიკი ხილვა გამომეცხადა: დამარბეველი არბევს და მძარცველი ძარცვავს. შეიმართე, ელამო, შემოადექ, მიდიავ! ბოლო მოვუღე ყოველ კვნესას.
3. ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
4. გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა.
5. ტაბლა გაშლილია, დაგებულია საგებელი; ჭამენ და სვამენ. აღდექით, მთავარნო, გაპოხეთ ფარები!
6. რადგან ასე მითხრა უფალმა: მიდი, დააყენე დარაჯი. გამოაცხადოს, რასაც დაინახავს!
7. ხედავს ეტლიონს, დაწყვილებულ ცხენოსნებს, სახედართა ეტლიონს, აქლემების ეტლიონს. აკვირდება, გულისყურით აკვირდება.
8. იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები.
9. აჰა, მოდის ეტლიონი, დაწყვილებული ცხენოსნები! კვლავ თქვა: დაეცა, დაეცა ბაბილონი და ყველა კერპი მისი ღმერთებისა მიწას დაენარცხა.
10. ჩემო გალეწილო და განიავებულო, რაც ცაბაოთ უფლისგან, ისრაელის ღვთისგან, გავიგონე, ის გამოგიცხადეთ.
11. დუმას განაჩენი. მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?
12. ამბობს ყარაული: დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!
13. არაბთა განაჩენი. არაბთა ტყეში გაათიეთ ღამე, დედანის ქარავნებო!
14. წყალი მიაგებეთ მწყურვალებს, თემას ქვეყნის მკვიდრნო, პურით დახვდით ლტოლვილებს.
15. რადგან მახვილებს გაექცნენ, გალესილ მახვილებს, მოჭიმულ მშვილდს და ბრძოლის სასტიკებას.
16. რადგან ასე მითხრა უფალმა: ერთ წელიწადში, ქარავნობის ვადაში, ბოლო მოეღება კედარის მთელ დიდებას.
17. მცირეღა იქნება მამაც კედარელ მშვილდოსანთა დანარჩომი, რადგან უფალს, ისრაელის ღმერთს აქვს ნაბრძანები.