1. ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?
2. გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან.
3. შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია!
4. ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო.
5. რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება.
6. ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა ფარი გააშიშვლა.
7. შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები კარიბჭეს მიაწყდნენ.
8. აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში.
9. ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო ტბორში წყალი დააგუბეთ.
10. აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად.
11. მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ.
12. იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე.
13. მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო.
14. გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა.
15. ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს;
16. აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი.
17. აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის,
18. როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი!
19. გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან.
20. იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს.
21. და შენი შესამოსელით შეგმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის.
22. მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს.
23. სამსჭვალივით ჩავარჭობ მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება.
24. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას - მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე.
25. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი, გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა.