1. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.
2. რადგან ქვის ყორედ აქციე ქალაქი, ციხე-სიმაგრენი - ნანგრევებად, უცხოთა სასახლე აღარ არის ქალაქში, აღარასოდეს აშენდება.
3. ამიტომ მოწიწებით გახსენებენ ძლიერი ხალხები, მტარვალთა ქალაქებს შიში ექნებათ შენი.
4. რადგან შენა ხარ საპყართა სიმტკიცე, გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში, თავშესაფარი ქარიშხალში, ჩრდილი პაპანებაში; რადგან მტარვალთა სუნთქვა კედელს მიხლილი ქარიშხალია,
5. როგორც ხვატი უდაბნოში. უცხოთა ხმაურს შენ აცხრობ; როგორც ხვატი ღრუბლის ჩრდილში, ასე ითრგუნება მტარვალთა სიმღერა.
6. გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით.
7. გააუქმებს ამ მთაზე საფარველს, ერებს რომ აფარია და საბურველს, ხალხებს რომ ბურავთ.
8. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.
9. იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!
10. რადგან დაადგრება უფლის ხელი ამ მთას და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც ჩალა ითელება სანეხვეზე.
11. ხელებს გაშლის მის შუაგულში, როგორც მოცურავე შლის საცურაოდ ხელებს, მაგრამ დასცემს უფალი მის სიამაყეს მისი ხელის ხრიკებთან ერთად.
12. ჩამოაქცევს, დაამხობს შენი გალავნის მაღალ ბურჯებს, მიწასთან გაასწორებს.