1. იმ დღეს იმღერებენ ამ სიმღერას იუდას ქვეყანაში: მაგარი ქალაქი გვაქვს; ხსნას დაგვიდებს ზღუდედ და გალავნად.
2. გააღეთ ჭიშკრები, შემოვიდეს მართალი ერი, რწმენის შემნახველი!
3. ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
4. მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე.
5. რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა.
6. თრგუნავს მას ფეხი, ბეჩავის ფეხი, მათხოვართა ტერფები.
7. სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს.
8. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.
9. ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.
10. შეწყალებულ იქნება ბოროტეული, მაგრამ სიმართლეს ვერ ისწავლის; იუკუღმართებს წრფელ ქვეყანაში და უფლის დიდებას არად ჩააგდებს.
11. უფალო, შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ. დაინახონ შენი შური შენი ხალხის გამო და შერცხვებათ; ცეცხლმა შეჭამოს შენი მტრები.
12. უფალო, შენ მოაფენ მშვიდობას ჩვენზე; შენ გვიკეთებ ყველა ჩვენ საქმეს.
13. უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვა მეუფენი გვბატონობდნენ, მაგრამ მხოლოდ შენში ვახსენებთ შენს სახელს.
14. მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.
15. შენ გაგიმრავლებია ხალხი, უფალო, გაგიმრავლებია ხალხი! განდიდებულხარ, განგივრცია ქვეყნის კიდეები.
16. უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
17. როგორც ორსული ქალი, შობად მიწევნული, იტანჯება, კივის ტკივილისგან, ასე ვართ ჩვენ, უფალო, შენ წინაშე!
18. მუცლადვიღეთ, ტანჯვაში ვიყავით და აჰა, ქარი ვშობეთ; ქვეყანას ხსნა ვერ მოვუტანეთ, არ დაეცნენ ქვეყნიერების მცხოვრებნი.
19. გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას.
20. წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
21. რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან ქვეყნის მკვიდრთა დასასჯელად მათი ცოდვისთვის; მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და აღარ დაფარავს თავის დახოცილებს.