1. ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!
2. აჰა, უფლის ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის თქეში, დამქანცველი ქარიშხალი, როგორც წყალდიდობის ნიაღვარი, მიწას დაანარცხებს თავისი ხელით.
3. ფეხით გაითელება ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინი!
4. მისი დიდებული მშვენების დამჭკნარი ყვავილი სახიერი მინდვრების თავზე იქნება როგორც ნაადრევი ხილი, ზაფხულამდე მოუწევნელი, რომელსაც თვალს მოჰკრავს თუ არა მნახველი, ხელთ იგდებს და იმწამსვე ყლაპავს.
5. იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება დიდების გვირგვინი და ბრწყინვალე ჯიღა თავისი ერის ნარჩომისათვის.
6. და სამართლის სულად სამსჯავროში მჯდომელისთვის, ძლიერებად - მომხდურთა უკუმქცეველისათვის კარიბჭიდან.
7. მაგრამ ესენიც ბარბაცებენ ღვინისაგან და ირხევიან თაფლუჭისგან; მღვდელი და ქადაგი ბარბაცებენ თაყლუჭისგან, ჩანთქმული ღვინით, ირხევიან თაფლუჭისგან, ბარბაცებენ ხილვების დროს, მერყეობენ სამართლის განკითხვისას.
8. რადგან ყოველი სუფრა სავსეა ნარწყევით, სუფთა ადგილი აღარ დარჩა.
9. ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ?
10. რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ;
11. რადგან ლუღლუღა ბაგეებით და უცხოთა ენით დაელაპარაკება ამ ხალხს.
12. მან უთხრა მათ: აჰა, საშვებელი, მიეცით შვება მაშვრალს! აჰა, განსვენება! მაგრამ მოსმენა არ უნდოდათ.
13. მაშინ უფლის სიტყვად იქცევა მათთვის რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ, რომ იარონ და გულაღმა გადაყირავდნენ, დაილეწონ, მახეში მოექცნენ და შეპყრობილ იქნენ.
14. ამიტომ ისმინეთ უფლის სიტყვა, მაგინებელნო, ამ ხალხის მბრძანებელნო იერუსალიმში!
15. რადგან ამბობთ: აღთქმა გვაქვს დადებული სიკვდილთან და კავშირი შევკარით შავეთთან; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, ვერ მოგვწვდება, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფრად და ტყუილი - საფარველად.
16. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
17. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს.
18. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით.
19. როგორც კი ჩამოივლის, შეგიპყრობთ თქვენ; რადგან ყოველ დილით ჩამოივლის, დღისით და ღამით. მისი ამბის გაგონებაც კი ზარდამცემი იქნება.
20. რადგან მოკლე იქნება საწოლი ფეხის გასაშლელად და ვიწრო იქნება საბანი გადასახურავად.
21. რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.
22. ახლა მოეშვით შეგინებას, რომ არ მოგიჭიროთ თქვენმა საკვრელებმა, რადგან გავიგე რომ გადაწყვეტილია მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგან მთელი ქვეყნის განადგურება.
23. ყურადიღეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, გაიგონეთ და შეისმინეთ ჩემი სიტყვა:
24. განა სულმუდამ ხნავს მხვნელი დასათესად? განა სულმუდამ აბრუნებს და ფარცხავს თავის მიწას?
25. განა არ ასწორებს მის ზედაპირს, მიმოფანტავს სოინჯს და თესავს კვლიავს, ჩადებს ხორბალს ხნულში და ქერს თავის ადგილზე და ასლს ყანის კიდეებზე?
26. ესა აქვს წესად დადებულთ, მისმა ღმერთმა დამოძღვრა იგი.
27. რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და ურმის ბორბალს არ ატარებენ კვლიავზე, რადგან სოინჯი კეტით იცეხვება და ჯოხით - კვლიავი.
28. პური ილეწება, მაგრამ ბოლომდე არ ინაყება; გრიალებენ ურმის ბორბალი და ცხენები, მაგრამ არ ნაყავენ მას.
29. ესეც ცაბაოთ უფლისგან მოდის; საკვირველია მისი რჩევა და სიბრძნე მისი - დიდებული.