1. ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.
2. ეგვიპტეში რომ ჩადიან და ჩემს ბაგეებს არ ეკითხებიან, რათა ფარაონის მფარველობა ეძებონ და ეგვიპტის ჩრდილს შეაფარონ თავი!
3. სირცხვილად ექცევათ მათ ფარაონის მფარველობა და ეგვიპტის ჩრდილში შეფარება - დამცირებად.
4. რადგან მათი მთავრები ცოყანში არიან და მათმა მოციქულებმა ხანეს მიაღწიეს.
5. ყველა სირცხვილს ჭამს იმ ხალხის გამო, რომელიც ვერ გამოადგებათ მათ, ვერც იხსნის, ვერც უშველის, მხოლოდ შეარცხვენს და მოაყივნებს.
6. ნეგების პირუტყვთა განაჩენი. ტანჯვისა და წვალების ქვეყნის გავლით, საიდანაც გამოდიან ხვადი და ძუ ლომი, ასპიტი და მფრინავი გველეშაპი, ჩოჩრების ზურგით მიაქვთ თავიანთი დოვლათი და აქლემების კუზით - თავიანთი განძეულობა იმ ხალხთან, რომელიც არ გამოადგებათ.
7. ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
8. ახლა წადი და ფიქალზე დაუწერე ეს მათ და წიგნში ამოკვეთე, რომ დარჩეს სამომავლოდ, უკუნისამდე.
9. რადგან ურჩია ეს ხალხი, მატყუარა შვილები არიან, შვილები, რომელთაც არ უნდათ უფლის რჯულის გაგონება;
10. რომლებიც ეუბნებიან მისნებს: ნურაფერს ხედავთ, და წინასწარმეტყველთ: ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს, გვითხარით საამური სიტყვები, სასეიროდ გვიწინასწარმეტყველეთ!
11. გზიდან გადადექით, ბილიკიდან გადაუხვიეთ, ისრაელის წმიდა მოგვაშორეთო.
12. ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმიდა: რადგან შეიძულეთ ეს სიტყვა, ძალადობის და ცბიერების იმედი გაქვთ და ამას ემყარებით,
13. ამიტომ ეს დანაშაული იქნება თქვენთვის მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს.
14. დაინგრევა, როგორც იმსხვრევა მექოთნეთა ჭურჭელი, უწყალოდ დალეწილი, და ერთ ნატეხსაც ვერავინ იპოვნის მის ნამსხვრევებში, რომ კერიდან ცეცხლი აიღოს ან საგუბარიდან წყალი ამოხაპოს.
15. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი, ისრაელის წმიდა: უკან მოქცევით და დავანებით გადარჩებოდით, სიმშვიდეში და სასოებაში იქნებოდა თქვენი ძალა, მაგრამ არ ინდომეთ,
16. თქვით: არა, ცხენებით გავიქცევით, ამიტომაც გაიქცევით! მკვირცხლებზე ავმხედრდებითო, იმიტომაც მკვირცხლები იქნებიან თქვენი მდევრები.
17. ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით, ვიდრე სამანივით არ შერჩებით მთის წვერს და მაღლობს - ნიშანივით.
18. მაინც სურს უფალს თქვენი შეწყალება და მაინც აღდგება თქვენს შესაბრალებლად, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყოველი მისი მოესავი.
19. რადგან ერი სიონში იცხოვრებს, იერუსალიმში; აღარ გექნება სატირალი, წყალობით შეგიწყალებს შენი ღაღადების ხმაზე; როგორც კი მოესმება, პასუხს გაგცემს.
20. მოგცემთ უფალი ჭირში პურსა და სიმწარეში წყალს და აღარ დაიმალება თქვენი მოძღვარი და იხილავენ თქვენს მოძღვარს თქვენი თვალები.
21. თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ.
22. სიბილწედ შერაცხავთ ვერცხლით მოჭედილ თქვენს კერპებს და თქვენი აღალმების ოქროს შესამოსელს, გაფანტავთ როგორც სიბინძურეს, განვედო, ეტყვით.
23. მოსცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე, და პურს - მიწის მოსავალს, რომელიც მსუყე და მაწიერი იქნება; იბალახებს იმ დღეს შენი საქონელი გაშლილ საძოვარზე.
24. ხარები და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მარილიან საკვებს შეჭამენ, გადარჩეულს ნიჩბითა და სანიავებლით.
25. ყოველ მაღალ მთაზე და ყოველ შემაღლებულ გორაკზე გაჩნდება ღელეები, წყლის ნიაღვრები დიდი შემუსრვის დღეს, როცა დაეცემიან გოდოლები.
26. მთვარის ნათელი მზის ნათელივით იქნება და მზის ნათელი გაშვიდკეცდება შვიდი დღის ნათელივით; მაშინ შეუხვევს უფალი ჭრილობას თავის ერს და თავის დანარტყამს განუკურნავს.
27. აჰა, უფლის სახელი შორიდან მოდის; გიზგიზებს მისი რისხვა და შენივთდა კვამლი, მისი ბაგეები სავსეა წყრომით და მისი ენა მჭამელი ცეცხლია.
28. მისი სუნთქვა, როგორც მოვარდნილი ნიაღვარი, ყველამდე უწვდენს, რომ გაცხრილოს ხალხები აღსპოლვის ცხრილში; რომ ლაგამი ამოსდოს ყბაზე ხალხებს გზა-კვალის ასარევად.
29. სიმღერა გექნებათ როგორც დღესასწაულის განათვლის ღამეს და გულის სიხარული როგორც სალამურით მიმავალს უფლის მთაზე, ისრაელის კლდეზე ასასვლელად.
30. გამოსცემს უფალი თავის დიდეხულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში.
31. რადგან უფლის ხმაზე დაფრთხება აშური, როცა ატყდება კვერთხის ცემა.
32. ყოველ ჩავლაზე დამსჯელი კეტისა, რომელსაც მათზე შემართავს უფალი, დაფდაფთა და ქნართა ხმა გაისმება და მოღერებული მკლავით შეებმება მათ.
33. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.