1. აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ.
2. თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე.
3. არ დაიბინდება მხედველთა თვალები და მსმენელთა ყურები გამახვილდება.
4. თავქარიანთა გული ეზიარება ცოდნას და ჩლიფიანთა ენა ნათლად ამეტყველდება.
5. აღარ დაერქმევა უგვანს ღირსეული და გაიძვერას აღარ ეთქმის პატიოსანი. ძუნწს ხელგაშლილად არ მოიხსენებენ.
6. რადგან უგვანი უგვანად ლაპარაკობს და მისი გული ბოროტს იზრახავს, რათა უკეთურება ჩაიდინოს და უფალზე მრუდედ ილაპარაკოს, ცარიელზე დატოვოს მშიერი და მწყურვალს სასმელი წაართვას.
7. ძუნწს ბოროტი აქვს იარაღი, მზაკვრობას იზრახავს, რომ ბედშავი ცრუ სიტყვებით დაღუპოს, მართალსაც რომ ამბობდეს გლახაკი.
8. ღირსეული კი ღირსეულს იზრახავს და ღირსებაზე დგას.
9. უზრუნველო ქალებო, წამოდექით, უსმინეთ ჩემს ხმას! უდარდელო ასულნო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი!
10. ერთი წელიც და შეშფოთდებით, უდარდელნო, რადგან ბოლო მოეღება რთველს, მოსავლის აღების ჟამი არ დადგება.
11. გეშინოდეთ, უზრუნველნო, შფოთავდეთ, უდარდელნო! განიძარცვეთ, გაშიშვლდით და წელი მოისარტყლეთ.
12. მკერდს იცემდეთ სანატრელი ყანების გამო, ნაყოფიერ ვენახთა გამო.
13. ჩემი ხალხის მიწის გამო, სადაც ძეძვი და ეკალი გაიხარებს; ვაგლახ, ყველა მხიარული სახლის გამო, მოზეიმე ქალაქთა გამო!
14. რადგან დარბაზები დაცარიელდება და ხმაურიან ქალაქს მიატოვებენ; ბორცვი და გოდოლი გამოქვაბულად იქცევა უკუნისამდე, კანჯართა საჯირითოდ, ჯოგების საძოვრად.
15. ვიდრე არ გადმოვა ჩვენზე ზეგარდმო სული და უდაბნო წალკოტად არ გადაიქცევა და წალკოტი მაღნარად არ შეირაცხება.
16. მაშინ დაივანებს უდაბნოში სამართალი და სიმართლე დამკვიდრდება წალკოტში.
17. მაშინ სამართალი შეიქმს მშვიდობას და შვება და მყუდროება იქნება სამართლის ნაყოფი უკუნისამდე.
18. დამკვიდრდება ჩემი ერი მშვიდობის სამყოფელში, მყუდრო სავანეებში და უზრუნველ სადგომებში.
19. მოვა სეტყვა და ტყე დაბლა ჩამოიწევს და ქალაქი ბარად გაივაკებს.
20. ბედნიერები ხართ, ვინც ყველგან თესავთ, სადაც წყალია, და ნებაზე უშვებთ ხარს და სახედარს!