image

image


image

 

ძველი აღთქმა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეცამეტე

1. ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ!

2. უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში!

3. შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები.

4. აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის.

5. აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო სიონი სამართლითა და სიმართლით.

6. ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.

7. აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი მწარედ ატირდებიან.

8. გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა, მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული.

9. გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი.

10. ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები.

11. თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი.

12. საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში.

13. გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება!

14. შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?

15. მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე -

16. აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი.

17. შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას.

18. შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი?

19. თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს.

20. შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება.

21. რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის.

22. რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ.

23. მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას.

24. არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული.



image
© საიტზე მოთავსებულ ტექსტებზე საავტორო უფლებები დაცულია. გთხოვთ, ავტორის ან მთარგმნელის ნებართვის გარეშე ნუ გამოიყენებთ
2003