ძველი აღთქმა
ესაია წინასწარმეტყველი
თავი ოცდამეთხუთმეტე
1. მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და
შროშანივით აყვავდება.
2. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული;
ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის
დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.
3. გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი
მუხლები გაიმაგრეთ!
4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი
თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.
5. მაშინ
აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ.
6. მაშინ ირემივით
იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს, რადგან ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და
ტრამალზე - ნიაღვრები.
7. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები
წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება.
8. შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის;
გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ.
9. არ გამოჩნდება იქ
ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი
ივლიან.
10. უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე,
საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი
განშორდებათ.
|