1. მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი.
2. გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე.
3. გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.
4. უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?
5. გეუბნები: განა მხოლოდ სიტყვები - თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას, ახლა ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?
6. აჰა, მაგ გატეხილი ლერწმის - ეგვიპტის იმედი გაქვს, რომელსაც თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
7. რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანიო?
8. ახლა მოდი და გაეჯიბრე ჩემს ბატონს, აშურის მეფეს; ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის.
9. აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
10. მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: დაეცი მაგ ქვეყანას და გაანადგურეო!
11. მიუგეს ელიაკიმმა, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.
12. უთხრა მათ რაბშაკემ: მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.
13. დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა დიდი მეფისა, აშურის მეფისა.
14. ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი.
15. ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ უფლით, გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს.
16. ნუ დაუჯერებთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი,
17. სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
18. არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რომ ამბობს, გვიხსნისო უფალი. რომელი ხალხის ღმერთს უხსნია თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან?
19. სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
20. რომელ ღმერთს უხსნია ამ ქვეყნების ღმერთთა შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას ჩემი ხელიდან იერუსალიმი?
21. დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
22. მივიდნენ ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული სამოსელით და მოახსენეს რაბშაკეს სიტყვები.