1. როცა გაიგონა ეს ხიზკიაჰუმ, სამოსელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
2. გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები ესაია წინასწარმეტყველთან, ამოცის ძესთან.
3. უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე.
4. ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან.
5. მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მორჩილნი ესაიასთან.
6. უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მაგინებენ აშურის მეფის მსახურნი.
7. აჰა, მივუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისივე ქვეყანაში დავცემ მახვილით.
8. დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლახიშიდან დაძრულა იგი.
9. თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:
10. ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
11. ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
12. აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი; ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
13. სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე?
14. გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15. ილოცა ხიზკიაჰუმ უფლისადმი და თქვა:
16. ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო! შენ ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა
17. ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
18. მართალია, უფალო, რომ მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
19. ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან კაცის ხელით ნაკეთები საგნები.
20. აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
21. შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.
22. აი, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ, დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
23. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
24. შენს მორჩილთა პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ალვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში.
25. ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
26. ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები.
27. მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
28. ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ.
29. იმის გამო, რომ ცოფობ ჩემ წინააღმდეგ და მისწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობის ამბავი, ნესტოებში რგოლებს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
30. ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
31. კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.
32. რადგან იერუსალიმიდან გამოვა დანარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან; ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
33. ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
34. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი.
35. მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის.
36. გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა.
37. აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
38. ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.