1. იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო.
2. კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს:
3. უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4. იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი:
5. წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს.
6. დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს.
7. ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა:
8. აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა.
9. წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან:
10. ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა-მეთქი დარჩომილი წლები;
11. ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის;
12. აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
13. დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
14. როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
15. რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.
16. უფალო, ამით ცოცხლობს კაცი და ამ ყველაფერშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ აღმადგინე და გამაცოცხლე.
17. აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე და შენ ამოზიდე ჩემი სული არარაობის ორმოდან, რადგან შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ცოდვები.
18. რადგან შავეთი არ გმადლობს შენ, სიკვდილი არ დაგიწყებს დიდებას, ქვესკნელში ჩამავალთ აღარა აქვთ შენი სიმტკიცის იმედი.
19. ცოცხალი, მხოლოდ ცოცხალია, რომ გმადლობს შენ, როგორც მე დღეს; მამა აუწყებს შვილებს შენს სიმტკიცეს.
20. უფალი მყავს სახსრად და ჩვენც ავახმიანებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში.
21. თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი, წყლულზე დაადეთ და მორჩება.
22. თქვა ხიზკიაჰუმ: რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?