1. იდუმეთ ჩემს წინაშე, ზღვისპირელნო! ხალხებმა განიახლონ ძალი, რომ ახლოს მოდგნენ და მაშინ ილაპარაკონ! ერთად მოვახლოვდეთ მსჯავრისათვის.
2. ვინ აღძრა აღმოსავლეთით იგი, ვისაც გამარჯვება ხვდება ყოველ ნაბიჯზე? მის წინაშე მიიყვანა ხალხები და მეფეები დაუმორჩილა. მან გაუცამტვერა მახვილი, ჩალასავით დაულეწა მშვილდი.
3. დაედევნება მათ, მშვიდობით ჩაივლის გზაზე, სადაც ფეხი არავის დაუდგამს.
4. ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხობმა დასაბამით. მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.
5. დაინახეს ზღვისპირელებმა და შეეშინდათ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ.
6. ერთმანეთს ეშველებიან, ერთი მეორეს ეუბნებიან: გამაგრდი!
7. მოქანდაკე ამხნევებს ჩამომსხმელს, უროთი მბეგველი - გვერდზე მცემელს; ეტყვის ნაწიბურზე, კარგიაო, და ამაგრებს ლურსმნებით, რომ არ ირყეოდეს.
8. შენ კი, ისრაელ, ჩემო მორჩილო, იაკობ, რომელიც ამოგარჩიე, ჩემი საყვარელი აბრაამის თესლო,
9. რომელიც წამოგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი შორი კუთხეებიდან გამოგიხმე, გითხარი: ჩემი მორჩილი ხარ შენ, ამოგარჩიე და არ უკუგაგდებ-მეთქი.
10. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
11. აჰა, შერცხვება და მიიმალება ყველა შენი მრისხველი, არარად იქცევიან და დაიღუპებიან-მეთქი შენი მოდავენი.
12. ძებნას დაუწყებ მათ და ვერ იპოვნი, შენს მოშუღარ ხალხს; არარად იქცევიან შენს წინააღმდეგ ომის ამტეხნი.
13. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, შენი მარჯვენის განმამტკიცებელი, მთქმელი შენდა მიმართ: ნუ გეშინია, მე შეგეწევი.
14. ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
15. აჰა, გაქცევ გალესილ, ახალთახალ, დაკბილულ კევრად; გალეწავ მთებს და დააქუცმაცებ, ბზესავით გახდი მთაგრეხილებს.
16. გაანიავებ და ქარი წაიღებს მათ, ქარიშხალი გაფანტავს; შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდაში განდიდდები.
17. ჩაგრულნი და უპოვარნი წყალს ეძებენ, მაგრამ არ არის; ენა გამშრალი აქვთ წყურვილისგან. მე, უფალი, შევეხმიანები, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ.
18. გავხსნი ნაკადულებს ხმელგორებზე და წყაროებს ტრამალებში; უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ, ხრიოკ მიწას - წყაროსთვალად.
19. დავრგავ უდაბნოში ნაძვს, ურთხელს, მურტსა და ზეთისხილს; აღვმართავ ტრამალზე ალვას ნეკერჩახლთან და ბზასთან ერთად.
20. რათა დაინახონ და გაიგონ, მიხვდნენ და დარწმუნდნენ, რომ უფლის ხელმა მოიმოქმედა და ისრაელის წმიდამ შექმნა ეს.
21. წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.
22. მოდგნენ და გაგვიცხადონ მოწევნადი. გამოგვიცხადეთ დასაბამი, რომ განვჭვრიტოთ და მივხვდეთ მის დასასრულს, ანდა მომავალი გვამცნეთ.
23. გამოგვიცხადეთ მოსახდენი და მივხვდეთ, რომ ღმერთები ხართ. ქმენით კეთილი, გინდა ბოროტი, რომ ვუყურებდეთ და ვხედავდეთ თქვენთან ერთად.
24. აჰა, არარაობა ხართ და თქვენი საქმეც არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით.
25. ჩრდილოეთიდან აღვძარი და მოვიდა; მზის აღმოსავლიდან უხმობს ჩემს სახელს და მოდის; მთავრები თითქოს თიხაა და მეთუნესავით დაჯეგავს აყალოს.
26. ვინ გამოაცხადა დასაბამით, რომ გვცოდნოდა? ადრიდანვე, რომ გვეთქვა: ის მართალია? მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის უცნობებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი.
27. მე პირველმა სიონს: აჰა, აჰა, ისინი-მეთქი! და იერუსალიმს: მახარობელს მოგცემ-მეთქი!
28. გავიხედე და არავინ იყო, არ იყო მრჩეველი მათ შორის, რომ შევკითხოდი და პასუხი გაეცათ.
29. აჰა, არარანი არიან ყველანი, ფუჭია მათი საქმეები, მათი კერპები ქარია და სიცარიელე.