1. აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს.
2. ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში.
3. გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს.
4. არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი.
5. ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:
6. მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
7. რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი.
8. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს.
9. აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ.
10. უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
11. ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!
12. მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!
13. როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ.
14. დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
15. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.
16. წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.
17. უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო.
18. ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ!
19. ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით?
20. ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის.
21. უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული.
22. მაგრამ ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე!
23. რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი?
24. ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი - მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ?
25. გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.