1. ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.
2. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.
3. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ.
4. რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისათვის.
5. ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.
6. ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან.
7. ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
8. გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი.
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!
10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.
15. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე.
16. ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში;
17. ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ.
18. ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ.
19. აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.
20. პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული.
21. ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის.
22. შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ!
23. არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით.
24. არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით.
25. მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.
26. გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო.
27. შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები ამიჯანყდნენ მე.
28. ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად.