1. ჩაიღუნა ბელი, მოიკაკვა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!
2. მოიკაკვნენ, ჩაიღუნენ ერთიანად, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თავადაც ტყვეობაში წავიდნენ.
3. მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩომო, ჩემო აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო:
4. შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ.
5. ვის შემადარებთ, რომ გამისწოროთ? ვის გამიტოლებთ, რომ ვემსგავსო?
6. ქისიდან ჰყრიან ოქროს და ვერცხლს სასწორზე წონიან; ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ. მერე ქედს უხრიან და თაყვანს სცემენ.
7. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება.
8. ეს გაიხსენეთ და გამაგრდით, გულთან მიიტანეთ, ცოდვილნო!
9. გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი.
10. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ.
11. გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან ონავარ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიაღაც მოვახდენ; დავსახე და დიაღაც გავაკეთებ.
12. მისმინეთ მე, გულგაკერპებულნო, სიმართლეს განშორებულნო!
13. მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის, და ჩემეული ხსნა არ დააყოვნებს. მე მივცემ ხსნას სიონს, და ისრაელს - ჩემს დიდებას!