1. მისმინეთ, სიმართლის მადევარნო, უფლის მძებნელნო! შეხედეთ კლდეს, საიდანაც ხართ გამოკვეთილნი, და ორმოს ღრმულს, საიდანაც ხართ ამოთხრილნი!
2. შეჰედეთ აბრაამს, თქვენს მამას, და სარას, თქვენს მშობელს, რადგან როცა ერთი იყო, მაშინ მოვუწოდე მას, ვაკურთხე და გავამრავლე.
3. რადგან ანუგეშებს უფალი სიონს, ანუგეშებს ყოველ მის ნაოხარს; სამოთხედ გადააქცევს მის უდაბნოს და უფლის ბაღად მის ტრამალს, სიხარული და შვება გაჩნდება იქ, სამადლობელი და გალობის ხმები.
4. გამიგონე, ჩემო ერო, და ჩემო ტომო, ყური დამიგდე, რადგან ჩემგან გამოვა რჯული და სინათლედ დავუდგენ ხალხებს ჩემს სამართალს.
5. ახლოვდება ჩემი სიმართლე, მოაწია ჩემმა ხსნამ და ჩემი მკლავი განსჯის ხალხებს. მე დამენდობიან ზღვისპირელნი და ჩემი მკლავის იმედი ექნებათ.
6. თვალი ააპყარით ცისკენ და დაბლა მიწას დახედეთ; რადგან ცა კვამლივით განქარდება და მიწა სამოსელივით გაცვთება, მისი მცხოვრებნი ქინქლებივით დაიხოცებიან; ჩემი ხსნა კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი სიმართლე არ დაირღვევა.
7. მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, ვისაც გულში გაქვთ ჩემი რჯული. ნუ გეშინიათ კაცთაგან შეურაცხებისა და მათი ლანძღვა-გინება ნუ შეგაკრთობთ;
8. რადგან სამოსელივით შეჭამს მათ ჩრჩილი და მატყლივით შეჭამს მათ ჭია; ჩემი სიმართლე კი საუკუნოდ დარჩება და ჩემი ხსნა თაობიდან თაობაში გადავა.
9. აღდექ, აღდექ, ძალი შეიმოსე, უფლის მკლავო! აღდექ, როგორც ძველ დროში, ძველ თაობებში. განა შენ არა ხარ რაჰაბის გამკვეთელი, ურჩხულის გამგმირავი?
10. განა შენ არ ამოაშრე ზღვა, დიდი უფსკრულის წყლები? და ზღვის სიღრმეები გზად გადააქციე თავდახსნილთა გადასავლელად?
11. უფლის გამოსყიდულნი მობრუნდებიან და გახარებულნი მოვლენ სიონზე; მარადიული სიხარული იქნება მათ თავზე, ლხენას და სიხარულს ეწევიან, ვაება და კვნესა კი უკუიქცევა.
12. მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
13. დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა?
14. მალე გათავისუფლდება დამონებული, არ მოკვდება დილეგში და არ მოაკლდება პური.
15. მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც აღელვებს ზღვას და ბობოქრობენ მისი ზვირთები. ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
16. ჩავდევი ჩემი სიტყვები შენს ბაგეებში და ჩემი ხელის ჩრდილში შეგიფარე, რათა დავნერგო ახალი ცა და დავაფუძნო ახალი მიწა, რომ ვუთხრა სიონს: ჩემი ერი ხარ!
17. გაიღვიძე, გაიღვიძე, ადექი, იერუსალიმო, რომელმაც შესვი უფლის ხელიდან მისი რისხვის თასი, ძირისძირამდე შესვი ფიალა, სიბრუკის თასი.
18. არავინ არის მისი წინამძღოლი მის ნაშობ ვაჟებს შორის და ხელის ჩამჭიდებელი მის გაზრდილ ვაჟებს შორის.
19. ეს ორი რამ შეგემთხვა შენ; ვინ შეგიცოდებს? დაღუპვა და დაქცევა, შიმშილი და მახვილი! ვითი განუგეშო?
20. შენს შვილებს ქანცი გაუწყდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან, ბადეში გახვეულ ირმებივით, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღვთის მძვინვარებით.
21. ამიტომ გაიგონე ეს, ბედშავო, მთვრალო, მაგრამ უღვინოდ!
22. ასე ამბობს შენი მეუფე, უფალი და შენი ღმერთი, მოსარჩლე თავისი ხალხისა: აჰა, გართმევ შენი ხელიდან სიბრუვის თასს, ფიალას, თასს ჩემი რისხვისა, რომ მეტჯერ აღარ შესვა იგი.
23. და ხელში მივცემ მას შენს მტანჯველებს, რომლებიც გეუბნებოდნენ: დაწექი, რომ გადაგიართთ, და შენც მიწასავით გახადე შენი ზურგი და ქუჩასავით - გამვლელთათვის.