1. იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს; ქველი ხალხი იხოცება, მაგრამ ვერავინ ხვდება, რომ ბოროტების მიზეზით იღუპება მართალი.
2. ის გადის სამშვიდობოს; განისვენებენ თავ-თავიანთ საწოლებში წრფელი გზით მავალნი.
3. ახლოს მოდექით, ჯადოქრის შვილებო, მემრუშეთა და მეძავთა თესლო!
4. ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?
5. რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში?
6. რიყის ქვებშია თქვენი ხვედრი; ისინია, ისინი შენი წილი, სწორედ მათ უღვრიდი საღვრელს და ძღვენს სწირავდი. როგორ ავიტანო ეს დამშვიდებით?
7. მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი ახვედი მსხვერპლის შესაწირად.
8. კარსა და წყრთილებს უკან დაგისვამს შენი ნიშნები, რადგან ჩემგან გაიშიშვლე თავი და მაღლა ახვედი, გააფართოვე შენი საწოლი და კავშირი შეჰკარი მათთან, შეიყვარე მათი საწოლი კაცობის შემყურემ.
9. წახვედი მეფესთან ზეთნაცხები, გაიუხვე ნელსაცხებლები, შორიდან აგზავნი მოციქულებს, ქვესკნელამდე დაიმდაბლე თავი.
10. დაგღალა ბევრმა სიარულმა, მაგრამ არ გითქვამს: ფუჭიაო. სიცოცხლეს გრძნობდი ხელში, ამიტომაც არ დაცემულხარ.
11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.
12. მე გიცხადებდი შენს სიმართლეს და საქმეებს, მაგრამ სარგებლობა არ მოჰქონდა შენთვის.
13. როცა შემომღაღადებ, მაშინ გიხსნას შენი კერპების კრებულმა. ყველას ერთიანად აიტაცებს ქარი, ქროლვა წაიღებს. ჩემი მოსავი კი ქვეყანას დაიმკვიდრებს და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.
14. თქვა: გატკეპნეთ, გატკეპნეთ, გზა გაამზადეთ! მოაშორეთ ბორკილი ჩემი ხალხის გზას!
15. რადგან ასე ამბობს მაღალი და აღზევებული, მარადმსუფევი და წმიდასახელიანი: მე ვსუფევ მაღალში და სიწმიდეში, მაგრამ მე ვარ ტანჯულთანაც და სულით გლახაკთან, რათა ცხოველვყო გლახაკთა სული და ცხოველვყო ტანჯულთა გული.
16. რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
17. მისი ანგარების ცოდვის გამო განვრისხდი და ვგვემე იგი, სახე დავმალე და ვმრისხანებდი; ის კი, განდგომილი, მადიოდა თავისი გულის გზით.
18. მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას, წავუძღვები და მივუზღავ ნუგეშს მას და მის თანამგლოვართ.
19. და შევუქმნი სიტყვას ბაგეებში: მშვიდობა, მშვიდობა შორებელთ და ახლობელთ! ამბობს უფალი, და განვკურნავ მას.
20. ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება, და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს.
21. არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის.