1. აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი რომ ხსნა არ შეეძლოს, და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ვერ ისმინოს.
2. მხოლოდ თქვენი უკეთურებანი იყო გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და აღარ ესმოდა მას,
3. რადგან თქვენი ხელები სისხლით არის შებღალული და თითები თქვენი - უკეთურებით; თქვენი ბაგეები სიცრუეს მეტყველებენ, თქვენი ენა სიბილწეს ლაპარაკობს.
4. არავინ მოითხოვს სიმართლით და არავინ განიკითხვის ჭეშმარიტებით; ფუჭია მათი საესავი და ცრუობენ; ჩაესახვით ამაოება და ტყუილს ბადებენ.
5. ასპიტის კვერცხებს ჩეკავენ და ობობას აბლაბუდას ქსოვენ; მათი კვერცხების მჭამელი კვდება და, თუ გატყდა, უნასი იჩეკება.
6. მათი აბლაბუდა სამოსელისთვის არ ვარგა და თავიანთ ნაკეთებს ვერ ჩაიცვამენ; მათი ნაკეთები უკეთური ნაკეთებია და ძალადობაა მათ ხელებში.
7. ფეხები სიავისკენ გაურბით და უბრალო სისხლის დასაღვრელად მიიჩქარიან; მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზებზე.
8. მშვიდობის გზები მათ არ უწყიან და მათ ბილიკებზე არ არის სამართალი; თავადვე გაიმრუდეს გზა-სავალი და მასზე მავალმა არავინ იცის მშვიდობა.
9. ამიტომაც განგვშორდა სამართალი და ვერ გვწვდება სიმართლე. მოველით ნათელს და, აჰა, წყვდიადია! გაბრწყინებას - და ბნელში დავდივართ!
10. ბრმებივით ვეპოტინებით კედლებს და ხელებს ვაცეცებთ, თითქოს თვალები არ გვქონდეს; ვფორხილობთ შუადღისას როგორც ბინდში, როგორც მკვდრები უკუნეთში.
11. დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და მტრედებივით ვკვნესით; მოველით სამართალს და არ ჩანს, ხსნას და შორს არის ჩვენგან.
12. რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაულები შენს წინაშე და ჩვენი ცოდვები ჩვენს წინააღმდეგ მოწმობენ; რადგან ჩვენთანაა ჩვენი დანაშაულები და ჩვენი შეცოდებანი ჩვენვე ვუწყით:
13. უფლის ღალატი და უარყოფა, ჩვენი ღვთისაგან განრიდება, ავის და უკუღმართის ზრახვა, სიცრუის ჩაფიქრება და გულიდან აღმოთქმა.
14. უკუიქცა სამართალი და სიმართლე შორს გადგა, რადგან წაფორხილდა ქუჩაში ჭეშმარიტება და სიწრფელე ვეღარ შემოდის.
15. გამქრალია ჭეშმარიტება და სიავეს განრიდებული ძლეულია; უფალი ხედავს და თვალში ავად უჩანს, რომ არ არის სამართალი.
16. ხედავს, რომ არ არის კაციშვილი, და უკვირს, რომ არავინაა ქომაგი. მაშინ მისი მკლავი ეშველება და მისი სიმართლე განამტკიცებს მას.
17. ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
18. საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.
19. შეუშინდებიან დასავლეთში უფლის სახელს და მზის აღმოსავლეთში - მის დიდებას, რადგან ნიაღვარივით მოვა მტერი, უფლის ქარი გამორეკავს მათ.
20. მოუვა გამომსყიდველი სიონს და მათ, ვინც ცოდვას განერიდნენ იაკობში, ამბობს უფალი.
21. აჰა, ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, ამბობს უფალი: ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის ბაგეებს, ამბობს უფალი ამიერიდან და უკუნისამდე.