1. სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.
2. გამოსაცხადებლად უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღისა, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა;
3. დასაწესებლად, რომ სიონზე მგლოვიარეთ მისცენ გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი - მჭმუნვარების სულის ნაცვლად, რათა ეწოდოთ მათ სიმართლის მუხები - საუფლო ნერგი, რომ იდიდონ.
4. ააშენებენ ძველთაძველ ნაოხარებს, აღადგენენ წინადროინდელ უკაცრიელ ადგილებს და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, თაობიდან თაობაში უკაცრიელთ.
5. დადგებიან უცხონი და დამწყესავენ თქვენს ცხვარს, უცხოთა შვილები იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და მევენახენი.
6. თქვენ კი უფლის მღვდლებად იქნებით წოდებულნი და ჩვენი ღვთის მსახურნი დაგერქმეგათ; ხალხთა დოვლათს შეჭამთ და მათი დიდება გადმოვა თქვენზე.
7. სირცხვილის ნაცვლად ორმაგად მოგეზღვებათ; შეურაცხების ნაცვლად თავიანთ წილზე გაიხარებენ, ამიტომ თავიანთ ქვეყანაში ორმაგ წილს დაიმკვიდრებვნ. საუკუნო სიხარული ექნებათ მათ.
8. რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძალადობა და უკეთურება, სიყვარულით მივაგებ მათ საზღაურს და საუკუნო აღთქმას დავუდებ.
9. განითქმება მათი თესლი ხალხებში და მათი მოდგმა ერებს შორის, და ყოველი მათი დამნახველი აღიარებს, რომ ისინი უფლისაგან კურთხეული თესლია.
10. ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან შემმოსა ხსნის სამოსელით სიმართლის მოსასხამი მომასხა; როგორც სიძე იმკობა გვირგვინით და როგორც დედოფალი ირთვება სამკაულებით.
11. რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს თავის ამონაზარდს და ბაღი ამოზრდის თავის დანათესს, ასევე უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე.