1. მე შევაცნობინე ჩემი თავი მათ, ვისაც არ ვუკითხივარ; აღმოვუჩნდი მათ, ვისაც არ ვუძებნივარ; მე ვუთხარი: აქა ვარ, აქა ვარ-მეთქი, ხალხს, რომელსაც არ უხსენებია ჩემი სახელი.
2. დღენიადაგ ხელს ვიშვერ მოჯანყე ხალხისაკენ, რომელიც უკეთური გზით დადის, თავისი ზრახვების კვალზე;
3. ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს.
4. დამჯდარა საფლავებს შორის და გამოქვაბულებში აღამებს, ჭამს ღორის ხორცს და მურდალი შეჭამადი უდგათ ჭურჭლებში.
5. ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს.
6. აჰა, დაწერილია ჩემს წინაშე: არ დავდუმდები, ვიდრე საზღაურს არ მივაგებ; საზღაურს მივაგებ მათ უბეს.
7. მათი ცოდვებისთვის და მათი მამა-პაპის ცოდვებისთვის ერთიანად, ამბობს უფალი, ყველას, ვინც საკმეველს აკმევდა მთებზე და გორაკებზე, და მგმობდნენ მე; უბეში მივუზომავ მათ წარსულ საქმეებს.
8. ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
9. გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
10. გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
11. თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
12. სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
14. აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
15. დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.
16. ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.
17. რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა.
18. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს - გასახარებლად.
19. მეც გავიხარებ იერუსალიმის გამო და ვიმხიარულებ ჩემი ხალხის გამო; აღარ გაისმება იქ ხმა ტირილისა და ხმა მოთქმისა.
20. არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება.
21. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.
22. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები.
23. ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანავე იქნებიან.
24. ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე.
25. მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი.