1. ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?
2. ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს.
3. არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას,
4. მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ.
5. ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები - თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თაეისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი.
6. აჰა, ხმა განგაშისა ქალაქიდან, ხმა სასახლიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის საზღაურის მიმგებელისა.
7. ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა.
8. ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები?
9. მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? ამბობს შენი ღმერთი.
10. იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!
11. რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით.
12. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები.
13. როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
14. დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს.
15. რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი.
16. რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი.
17. ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი.
18. რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას.
19. დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას.
20. წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში.
21. მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი.
22. რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი.
23. მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის.