1. ამ ამბების შემდეგ განადიდა მეფე ახაშვეროშმა ჰამან ჰამდათას ძე, აგაგიელი, აღაზევა და დაუდგა სავარძელი ყველა მთავარზე მაღლა, ვინც კი ჰყავდა.
2. მეფის ყველა მორჩილი, ვინც კი იყო სამეფო კარიბჭესთან, მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა ჰამანს, რადგან ასე ჰქონდა მასზე ნაბრძანები მეფეს. მაგრამ მარდოქაის არ მოუყრია მუხლი და არ უცია თაყვანი.
3. ეუბნებოდნენ მეფის მორჩილნი, სამეფო კარიბჭესთან ვინც იყვნენ, მარდოქაის: რატომ არ ემორჩილები მეფის ბრძანებას?
4. ყოველდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ იდგებოდა თუ რა თავის სიტყვაზე მარდოქაი, რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო.
5. დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
6. იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
7. პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
8. უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.
9. თუ მეფე ინებებს, გადაწყდეს მათი განადგურება. ათი ათას ქანქარ ვერცხლს მივუწონი ხელში მოხელეებს, რომ სამეფო ხაზინაში შეიტანონ.
10. წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი და მისცა ჰამან ჰამდათას ძეს, აგაგიელს, იუდაელთა მტერს.
11. უთხრა მეფემ ჰამანს: ვერცხლიც გეძლევა და ხალხიც, მოექეცი, როგორც გენებოს.
12. შეიყარნენ მეფის მწერლები პირველი თვის მეცამეტე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც ჰამანმა უბრძანა მეფის სატრაპებს, თითოეული სამთავროს განმგებელს, ყოველი ხალხის მთავარს, თითოეულ სამთავროს თავისი დამწერლობით და თითოეულ ხალხს თავის ენაზე. მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა და სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა.
13. დაეგზავნა წერილები შიკრიკების ხელით მეფის ყველა სამთავროს, რომ გაეწყვიტათ, დაეხოცათ, მოესპოთ ყველა იუდაელი, ყმაწვილიდან მოხუცამდე, დედაწულიანად, ერთ დღეს, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, და დაეტაცებინათ მათი ქონება.
14. ბრძანების პირი, როგორც კანონი, უნდა წაეღოთ ყველა სამთავროში და გამოეცხადებინათ მთელი ხალხისთვის, რათა მზად ყოფილიყვნენ ამ დღისთვის.
15. სასწრაფოდ წაიღეს შიკრიკებმა მეფის ბრძანება. გამოცხადდა თუ არა კანონი შუშანში, სატახტო ქალაქში, დასხდნენ პურობად მეფე და ჰამანი. შუშან-ქალაქი კი ტიროდა.