1. მესამე დღეს დედოფლურად შეიმოსა ესთერი და მეფის სახლის შიდა ეზოში გაჩერდა, მეფის სახლის წინ. მეფე კი თავის სამეფო ტახტზე იჯდა სამეფო სახლში, შესასვლელის პირდაპირ.
2. როგორც კი დაინახა მეფემ ეზოში მდგარი დედოფალი ესთერი, მადლი ჰპოვა ესთერმა მის თვალში და გაიშვირა მეფემ მისკენ ოქროს კვერთხი, ხელში რომ ეჭირა. მიუახლოვდა ესთერი და შეეხო კვერთხის წვერს.
3. უთხრა მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა.
4. თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, მობრძანდნენ მეფე და ჰამანი დღეს ნადიმზე, რომელიც მოვუმზადე მას.
5. თქვა მეფემ: სასწრაფოდ დაუძახეთ ჰამანს, რომ შესრულდის ესთერის სიტყვა. მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც გამზადებული ჰქონდა ესთერს.
6. უთხრა მეფემ ესთერს ღვინის სმის დროს: რა სათხოვარი გინდა რაამ აგისრულდეს? რას მეხვეწები? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
7. მიუგო ესთერმა და უთხრა: აი, ჩემი სათხოვარი და სახვეწარი:
8. თუ მადლი მიპოვნია მეფის თვალში, და თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის მოცემას და სახვეწარის ასრულებას, მოვიდნენ მეფე და ჰამანი ხვალ ნადიმზე, რომელსაც გავმართავ მათთვის. ხვალ მოვიქცევი მეფის სიტყვისამებრ.
9. გავიდა იმ დღეს ჰამანი მხიარული და კმაყოფილი, მაგრამ როგორც კი დაინახა ჰამანმა სამეფო კარიბჭესთან მჯდარი მარდოქაი, რომელიც არ ამდგარა და არც განძრეულა მის წინ, რისხვით აივსო ჰამანი მარდოქაის მიმართ.
10. მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა. მივიდა სახლში და დაიბარა მეგობრები და ზერეში, თავისი ცოლი.
11. მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე.
12. თქვა ჰამანმა: არავინ მოუწვევია ესთერ დედოფალს მეფესთან ერთად გამზადებულ ნადიმზე ჩემს მეტი. ხვალაც მიწვეული ვარ მეფესთან ერთად.
13. ეს ყველაფერი არად მიჩანს, ვიდრე იუდაელ მარდოქაის ვხედავ სამეფო კარიბჭესთან მჯდარს.
14. უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.