1. ეწვივნენ მეფე და ჰამანი სანადიმოდ ესთერ დედოფალს.
2. უთხრა მეფემ ესთერს მეორე დღესაც, ღვინის სმის დროს: რა გაქვს სათხოვარი, ესთერ დედოფალო? მოგეცმა. რა გაქვს სახვეწარი? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, აგისრულდება.
3. თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში.
4. რადგან გაყიდული ვართ მე და ჩემი ერი დასაღუპად, ამოსაწყვეტად და მოსასპობად. მონებად და მხევლებად რომ გავყიდულიყავით, დავიდუმებდი, მაგრამ მტერი ვერ აანაზღაურებს მეფის ზარალს.
5. თქვა მეფე ახაშვეროშმა და ჰკითხა ესთერ დედოფალს: ვინ არის იგი და სად არის, ვინც გაბედა ეს საქმე?
6. თქვა ესთერმა: ორგული კაცია ეს ბოროტი ჰამანი. შედრკა ჰამანი მეფისა და დედოფლის წინაშე.
7. ადგა მეფე ნადიმიდან განრისხებული და გავიდა სასახლის ბაღში. ხოლო ჰამანი დარჩა, რათა პატიება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისგან, რადგან ხედავდა, რომ ავი ხვედრი ელოდა მეფისგან.
8. როცა სასახლის ბაღიდან სანადიმო დარბაზში დაბრუნდა მეფე, დამხობილი დახვდა ჰამანი საწოლზე, რომელზეც ესთერი იყო. თქვა მეფემ: დედოფალზეც რომ ძალადობს ჩემთან სახლში! სიტყვა დასცდა მეფის ბაგეს და დაუფარეს სახე ჰამანს.
9. თქვა ხარბონამ, საჭურისთაგანმა, მეფის კარისკაცმა: აჰა, ჰამანის სახლში დგას ის ძელიც, ჰამანმა რომ მოუმზადა მარდოქაის, მეფეზე კარგის მოლაპარაკეს, ორმოცდაათი წყრთაა სიმაღლით. თქვა მეფემ: მასზე ჩამოაღრჩვეთ.
10. ჩამოაღრჩვეს ჰამანი იმ ძელზე, მარდოქაისთვის რომ ჰქონდა გამზადებული, და დაცხრა მეფის რისხვა.