ძველი აღთქმა

ესთერი

თავი მერვე

1. იმ დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს ჰამანის სახლი, იუდაელთა მტრისა. მარდოქაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუცხადა ესთერმა, თუ რა იყო იგი მისი.

2. წაიძრო მეფემ ბეჭედი, ჰამანისთვის წართმეული, და მისცა მარდოქაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად დაადგინა მარდოქაი.

3. კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხქვეშ და ატირდა. ემუდარებოდა გაეუქმებინა ჰამან აგაგიელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული.

4. გაიშვირა მეფემ კვერთხი ესთერისკენ და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე.

5. თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად.

6. რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვას, როგორ ვუყურო ჩემი მშობლიური ხალხის განადგურებას?

7. უთხრა ბეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მარდოქაის, იუდაელს: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოვკიდე, რადგან იუდაელებზე აპირებდა ხელის აღმართვას.

8. ახლა დაწერეთ, რაც გინდათ. დაწერეთ იუდაელთა გამო მეფის სახელით და სამეფო ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი.

9. მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს, მეფისნაცვლებს, მხარეთა განმგებლებსა და მთავრებს - ინდოეთიდან ქუშამდე, ასოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე.

10. დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, დაბეჭდა სამეფო ბეჭდით და დააგზავნა წერილები ცხენოსანი შიკრიკების, სახელმწიფო ცხენსაშენში ნაშობ რაშებზე ამხედრებულთა ხელით,

11. რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება,

12. ერთი დღის მანძილზე მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს.

13. წერილის პირი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში, ხალხისთვის გამოსაცხადებლად, რომ მზად ყოფილიყვნენ იუდაელები ამ დღისთვის მტერზე შურის საძიებლად.

14. სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.

15. გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი.

16. იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა.

17. ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი.