ძველი აღთქმა

ესთერი

თავი მეცხრე

1. მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს, როცა მოაწია მეფის ბრძანებისა და კანონის აღსრულების ჟამმა (იმ დღეს, როცა იუდაელთა მტრები აპირებდნენ მათ ძლევას, თუმცა პირუკუ კი მოხდა, იუდაელებმა ძლიეს თავიანთ მოძულეთ),

2. შეიკრიბნენ იუდაელნი თავ-თავის ქალაქებში, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, რათა ხელი აღემართათ თავიანთ მოსისხლეებზე. ვერავინ დაუდგა მათ წინ, რადგან მათმა შიშმა მოიცვა ყოველი ხალხი.

3. მხარეთა მთავრებმა, მეფისნაცვლებმა, განმგებლებმა და სამეფო საქმეთა აღმსრულებლებმა პატივი მიაგეს იუდაელებს, რადგან მარდოქაის შიშისზარით იყვნენ მოცულნი.

4. რადგან დიდი იყო მარდოქაი მეფის სასახლეში და მისწვდა მისი ამბავი ყველა სამთავროს, რადგან უფრი და უფრო დიდი ხდებოდა ეს კაცი, მარდოქაი.

5. დასცხეს მტრებს იუდაელებმა, გაწყვიტეს მახვილით და მოსპეს. როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ თავიანი მოძულეებს.

6. შუშანში, სატახტო ქალაქში, დახოცეს და მოსპეს იუდაელებმა ხუთასი კაცი.

7. ფარშანდათა, დალფონი და ასფათა,

8. ფორათა, ადალია და არიდათა,

9. ფარმაშთა, არისაი, არიდაი და იეზათა. -

10. დახოცეს ჰამან ჰამადათას ძის, იუდაელთა მტრის, ათი ვაჟი, მაგრამ გასაძარცვავად ხელი არ აღუმართავთ.

11. იმავე დღეს მიუვიდა შუშანში, სატახტოში, მეფეს დახოცილთა სია.

12. უთხრა მეფემ ესთერ დედოფალს: ხუთასი კაცი და ჰამანის ათი ვაჟიშვილი გაწყვიტეს და მოსპეს იუდაელებმა შუშანში, სატახტო ქალაქში. მეფის სხვა სამთავროებში რაღას იზამდნენ? რა სათხოვარი გაქვს? მოგეცემა. კიდევ რა სახვეწარი გაქვს? აგისრულდება.

13. თქვა ესთერმა: თუ მეფე ინებებს, ხვალაც დაანებონ შუშანელ იუდაელებს იმის გაკეთება, რაც დღეს გააკეთეს - ხეზე ჩამოჰკიდონ ჰამანის ვაჟები.

14. თქვა მეფემ: იყოს ასე. გამოცხადდა განკარგულება შუშანში და ჩამოჰკიდეს ჰამანის ათი ვაჟი.

15. შეიკრიბნენ შუშანელი იუდაელები ადარის თვეშიც, მეთოთხმეტე დღეს, და გაწყვიტეს შუშანში ასი კაცი, გასაძარცვად კი ხელი არ აღუმართავთ.

16. შეიკრიბნენ დანარჩენი იუდაელნი, მეფის სამთავროებში რომ იყვნენ, დადგნენ თავის დასაცავად, რომ მოესვენათ მტრებისგან, და ამოხოცეს თავიანთი მოძულენი - სამოცდათხუთმეტი ათასი კაცი. მაგრამ გასაძარცვად ხელი არ აღუმართავთ.

17. ეს იყო ადარის თვის მეცამეტე დღეს. მეთოთხმეტე დღეს კი მოისვენეს და ლხინისა და სიხარულის დღედ აქციეს ეს დღე.

18. იკრიბებოდნენ შუშანის იუდაელები მეცამეტე და მეთოთხმეტე დღეს, ხოლო მეთხუთმეტე დღეს ისვენებდნენ, ლხინისა და სიხარულის დღედ გაიხადეს.

19. ამიტომ არის, რომ სოფლელი იუდაელებისათვის, რომლებიც უგალავნო დაბებში ცხოვრობენ, ადარის მეთოთხმეტე დღე სიხარულისა და ლხინის, ზეიმისა და ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნის დღეა.

20. დაწერა ეს ამბები მარდოქაიმ და დაუგზავნა წერილები ყველა იუდაელს, მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში მცხოვრებს, ახლო მყოფს და შორს მყოფს,

21. რომ დაეწესებინათ ყოველწლიური ზეიმი ადარის თოთხმეტსა და თხუთმეტში,

22. რა დღეებშიც მოისვენეს იუდაელებმა მტრებისაგან და რა თვეშიც მწუხარება სიხარულით შეეცვალათ და გლოვა - ზეიმად, რათა ექციათ ეს დღეები ლხინისა და სიხარულის დღეებად, ერთმანეთისთვის საჩუქრების გაგზავნისა და ღარიბ-ღატაკთა მოკითხვის დღეებად.

23. მიიღეს იუდაელებმა, რისი გაკეთებაც თავად დაიწყეს და რასაც სწერდა მათ მარდოქაი,

24. როგორ ჩაიფიქრა ჰამან ჰამდათას ძემ, აგაგიელმა, მთელი იუდაელობის მტერმა, იუდაელთა დაღუპვა და ჰყარა ფური, ანუ წილი, მათ გასაწყვეტად და გასანადგურებლად,

25. როგორ წარუდგა მეფეს სიტყვით, რომ ჩამოეღრჩოთ მარდოქაი. მაგრამ მის თავზე მოიქცა ავი განზრახვა, რაც იუდაელებზე ჰქონდა ჩაფიქრებული და ხეზე ჩამოჰკიდეს იგი და მისი ვაჟიშვილები.

26. ამიტომაც უწოდეს ამ დღეებს ფურიმი, ფურის, ანუ წილის, სახელი. ამიტომაც თანახმად ამ წერილის სიტყვებისა და საკუთარი თვალით ნანახისა, თანახმად იმისა, რაც მათ შეემთხვათ,

27. დაადგინეს და დაუწესეს იუდაელებმა თავიანთ თავს, თავიანთ შთამომავლობას და ყველას, მათთან შეხიზნულთ, რომ მოუშლელად ეზეიმათ ეს ორი დღე წლიდან წლამდე, დათქმულ დროს, დაწერილისამებრ,

28. ხსომებოდათ ეს დღეები და ეზეიმათ ყოველ თაობაში, ყოველ საგვარეულოში, ყოველ სამთავროში და ყოველ ქალაქში. ფურიმის დღეები ყოფილიყო ეს დღეები, არ გაუქმებულიყო იუდაელთა შორის და არ გამქრალიყო შთამომავლობაში მათი ხსოვნა.

29. დაჟინებით წერდნენ დედოფალი ესთერ აბიხაილის ასული და იუდაელი მარდოქაი, რომ შეესრულებინათ ეს მეორე წერილი ფურიმის თაობაზე.

30. დაუგზავნა წერილები მთელს იუდაელობას, ახაშვეროშის სამეფოს ასოცდაშვიდ სამთავროში, მშვიდობისა და სიმტკიცის სიტყვები,

31. რათა დაეცვათ ფურიმის ეს დღეები განსაზღვრულ დროს, როგორც დაუწესეს მათ იუდაელმა მარდოქაიმ და ესთერ დედოფალმა, როგორც თავად მათ დაუწესეს თავიანთ თავს და თავიანთ შთამომავლობას - მარხვისა და მოთქმის დღეები.

32. ესთერის ბრძანებამ დააწესა ეს ფურიმი და წიგნშიც ჩაიწერა.