1. ვიხილე და, აჰა, ცამყარზე, რომელიც ქერუბიმების თავს ზემოთ არის, გამოჩნდა რაღაც საფირონის ქვისმაგვარი, რაღაც ტახტისმაგვარი, მათ ზემოთ.
2. უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, უთხრა: შემოდი ბორბლებს შორის ქერუბიმთა ქვეშ და აივსე პეშვი ქერუბიმთა შორის აღებული ცეცხლის მუგუზლებით და გადააყარე ქალაქს. და შევიდა ჩემს თვალწინ.
3. ქერუბიმები სახლის მარჯვენა მხარეს იდგნენ, როცა შევიდა კაცი და ღრუბელმა აავსო შიდა ეზო.
4. ასცილდა უფლის დიდება ქერუბიმებს და გაემართა სახლის ზღურბლისკენ, და აივსო სახლი ღრუბლით, ეზო კი სავსე იყო უფლის დიდების ნათებით.
5. ხმა ქერუბიმთა ფრთებისა გარეთა ეზომდე აღწევდა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა, როცა ლაპარაკობს იგი.
6. როცა უბრძანა სელით შემოსილ კაცს და უთხრა: აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმთა შორისო, და ისიც შევიდა და ბორბალთან დადგა,
7. მაშინ, გაიწოდა ხელი ერთმა ქერუბიმმა ქერუბიმთაგან ცეცხლისკენ, რომელიც ქერუბიმთა შორის იყო, აიღო და ჩაუდო პეშვში სელით შემოსილს. მანაც აიღო და გავიდა.
8. ადამიანის ხელისმაგვარი რამ უჩანდათ ქერუბიმებს ფრთებქვეშ.
9. ვიხილე და, აჰა, ოთხი ბორბალია ქერუბიმთა გვერდით: ერთი ბორბალი ერთი ქერუბიმის გვერდით; თარშიშის ქვის მსგავსია ბორბლები.
10. შესახედაობით ერთმანეთის მსგავსია ოთხივე ბორბალი, თითქოს ბორბალი ბორბალში იყოს ჩასმული.
11. სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ტრიალებდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავები ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ტრიალდებოდნენ.
12. მთელი მათი ტანი, მთელი მათი ზურგი, ყველა მათი ფრთა და ბორბლები ირგვლივ სავსე იყო თვალებით, ბორბლები ოთხივე მათგანისა.
13. როგორც ჩამესმა, ქუხილი ერქვათ ამ ბორბლებს.
14. თითოეულს ოთხი სახე ჰქონდა: ერთის სახე ქერუბინის სახე იყო, მეორის სახე ადამიანის სახე იყო, მესამის სახე ლომის სახე იყო, მეოთხის სახე არწივის სახე იყო.
15. აღიმართნენ ქერუბიმები; ესენი ცოცხალი არსებები იყვნენ, რომლებიც მდინარე ქებარის პირას ვიხილე.
16. როცა დაიძრებოდნენ ქერუბიმები, ბორბლები მოძრაობდნენ მათ გვერდით; როცა ფრთებს გაშლიდნენ ქერუბიმები მიწიდან ასაწევად, არ ტრიალდებოდნენ ბორბლები მათი გვერდიდან.
17. დადგომისას ისინიც იდგნენ, აწევისას ისინიც აიწეოდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში.
18. გასცილდა უფლის დიდება სახლის ზღურბლს და ზედ დაადგა ქერუბიმებს.
19. გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
20. ეს ის ცოცხალი არსებანი იყვნენ, რომლებიც ვიხილე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის პირას, და მივხვდი, რომ ქერუბიმები იყვნენ.
21. თითოეულს ოთხ-ოთხი სახე ჰქონდა და ოთხ-ოთხი ფრთა თითოეულს, და ადამიანის ხელისმაგვარი რამ ფრთებქვეშ.
22. მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას, მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მიდიოდა.