1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარძეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
3. ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი: ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!
4. ნაოხარ ადგილებში რომ მელიები არიან, იმას გვანან შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელო!
5. ნუ გახვალთ ნანგრევებზე და ზღუდეს ნუ შემოავლებთ ისრაელის სახლს, რომ საბრძოლველად დადგეს უფლის დღეს.
6. მათი ხილვები ფუჭია და მათი მისნობა სიცრუე; კი ამბობენ, უფალმა თქვაო, მაგრამ უფალს არ მოუვლენია ისინი; ირწმუნებიან, ახდებაო ჩვენი სიტყვა.
7. განა ფუჭ ხილვებს არ ხედავთ და ცრუ მისნობას არ წარმოთქვამთ, რომ ამბობთ, უფლის ნათქვამიაო, მე კი არაფერი მითქვამს?
8. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენს წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.
9. იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
10. სწორედ იმის გამო, რომ აცთუნებენ ჩემს ერს, რომ ეუბნებიან, მშვიდობააო და არ არის მშვიდობა; ჩემი ხალხი კედელს აშენებს და, აჰა, ესენი კირით ლესავენ.
11. უთხარი მლესავთ, ჩამოწვება-თქო თქვენი კედელი. წამოვა თავსხმა და, თქვენ, ყინულის ქვებო, ჩამოცვივდებით, და ქარიშხალი ამოვარდება.
12. აჰა, დაეცა კედელი. ხომ გეტყვიან, სად არის ბათქაში, რომლითაც შელესეთო?
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
14. დავანგრევ კედელს, თქვენ რომ შელესეთ, მიწასთან გავასწორებ და გაშიშვლდება მისი საძირკველი; დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
15. კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
16. აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
17. შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
18. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელს სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?
19. შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
20. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ.
21. დავგლეჯ მაგ თქვენს დასაბურავებს და დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში ნანადირევად და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
22. რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო.
23. ამის გამო ვეღარ იხილავთ ფუჭ ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ; დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ უფალი ვარ!