1. მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინ.
2. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
3. ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო?
4. ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
5. რომ დაჭერილი იყოს ისრაელის სახლის გულები, რომლებიც გამიუცხოვდნენ თავიანთი კერპების მიზეზით?
6. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მობრუნდით და განერიდეთ თქვენს კერპებს და ყველა თქვენს სისაძაგლეს მოარიდეთ პირი;
7. რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?
8. პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
9. თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცთუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცთუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
10. პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
11. რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
12. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
13. ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემს წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
14. ეს სამი კაცი რომ აღმოჩნდეს მათ გარემოში - ნოე, დანიელი და იობი, თავიანთი სიმართლით გადაირჩენდნენ თავს, ამბობს უფალი ღმერთი.
15. თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,
16. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს; მხოლოდ საკუთარ თავს გადაარჩენდა, ქვეყანა კი გაუდაბურდებოდა.
17. თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
18. ეს სამი კაციც (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდა თავის ვაჟებს და ასულებს, მხოლოდ თვითონ გადარჩებოდნენ.
19. თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
20. ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.
21. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
22. აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე.
23. დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთი.